რესპუბლიკის ამბები

დენიკინის რაზმებს საქართველოს წინააღმდეგ ქართველი სამხედროები მოუძღვებიან

გაზ. „ერთობა“, 1919 წლის 24 ივნისი, N138.

            გაზეთებიდან, დამფუძნებელი კრების ანგარიშებიდან და კერძო ცნობებიდან უკვე ვიცით, რომ დენიკინის რაზმში გაჩნდნენ საქართველოს რესპუბლიკის უღირსი შვილები – იუდები, რომლებიც შავ გენერალს თავის ქვეყნის ასაოხრებლად წინ მოუძღვებიან. ჯერჯერობით ამ რაზმში არიან: გენერალ-მაიორი ნათიშვილი, პოლკოვნიკი ძმები ერისთავები (იმერეთიდან), აფიცრები: დადიანი, ახვლედიანი და გურიაში კარგად ცნობილი, ტოლმაჩევის მიერ ნაკურთხი, პორუჩიკი დიმიტრი მგელაძე. ბათუმელებმა კარგად იციან იმის სახელ-გვარიც თუ რომელმა ავანტიურისტმა ქართველმა შეუწყო ხელი ნათიშვილის შავ ზრახვებს და მის კარგად დაბინავებას. ყველა ეს ჯერ ყვავილია, ნაყოფი კი მერე იკითხეთ, თუ დენიკინს დარი დაუდგა, შემოტევა დაიწყო, ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. ამისათვის ჩვენმა მთავრობამ ახლავე უნდა მიიღოს ყოვლად სასტიკი ზომები, ზომა სამაგალითო და ყველას დამფრთხობი. ყველა მოღალატეების ქონება დაუყონებლივ გამოცხადდეს სახელმწიფო საკუთრებათ, ყველა საეჭვო პირები ძველი რეაქციონერები ერთ ადგილად უნდა იქნეს თავმოყრილი, რომ მათ ვერ შესძლონ ხალხში პროვოკაციის გამოწევა და საჭიროების დროს დენიკინთან გადასვლა. ოზურგეთელი დიმიტრი მგელაძე, შარშან ოზურგეთიდან თეთრები გავიდნენ თუ არა ის მათ გაყვა. ამით მან უკვე დაამტკიცა, რომ მას აქ მოსაცალი პირი არ ჰქონდა, ამით მან უკვე უარჰყო ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეთ დარჩენა. მაშასადამე, უპრიანი და მართებული იყო მისი სახლი, გურულების ზურგზე ანაღლეტი ქრთამით აგებული, მაშინვე უნდა ჩამორთმეოდა, თუ მაშინ არა დღეს, როცა აშკარათ მოქმედებს მტრის რაზმში, ახლა მაინც უნდა ჩამოერთვას.

            მე არ შემიძლია არ მოვიგონო ერთი კარგი ამბავი: 1906 წელს, როცა გურიაში თავის დამსჯელი რაზმით თარეშობდა ტოლმაჩევი, მისი რაზმის მშვენება იყო არა ჯარის კაცები, არამედ „სტრაჟნიკები“ ინგუშ-ჩეჩნები და მეზობლები. გურიის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა შესაფერი მოწოდებით გააგებინა მთიელებს მათი შვილების უღირსი მოქმედება. ამას ფრიად სასურველი შედეგი მოყვა: მთიელებმა გამოგზავნეს პატივცემული მოხუცები (იმამი), რომელთაც თავიანთი მიწა-წყლის შვილებს მისცეს რჩევა შინ წასულიყვნენ და თავისუფლების მაძებარი ხალხი არ ეტანჯათ. დიდმა უმეტესობამ მოხუცების დაიჯერეს, დარჩა ათიოდე „სტრაჟნიკი“, რომელიც მოხუცებმა შეაჩვენეს, ღვთის სახელით დასწყევლეს: აქ ძაღლებივით ჩაგკლავენ და თქვენს სისხლს ჩვეულებისამებრ ჩვენ არ ვიძიებთო უთხრეს. ნუთუ ახლანდელი მოღალატე იუდებს – ნათიშვილებს და კამპანიას არ ყავს აქ, საქართველოში ნათესავები?! ჰაი, ჰაი, რომ ყავთ და თუ ესენიც არ იზიარებენ თავიანთ გადამახინჯებულ-გადაგვარებულ ნათესავების უკადრის საქციელს, მაშინ ამათაც უნდა მიბაძონ მთიელებს, ეცადონ მათ გადმობირება-გადარჯულებას და თუ არაფერი გამოუვათ, შეაჩვენონ, უარჰყონ, მათი ზიარი გვარიშვილობაც კი გარისხონ. თუ ამას არ იზამენ, სჩანს თანაზიარნი და თანამზრახველნი ყოფილან. მთავრობა და ხალხიც ამათაც ისე მოექცევა როგორც მოღალატეებს.

აპოლონ წულაძე

მსგავსი/Related

Back to top button