რესპუბლიკის ამბები

ქართველ მუსლიმანთა მიტინგი აჭარის წყალზე

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წელი, 29 ივლისი, №166

           (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისას, 1918 წლის 26 მაისს, ბათუმის ოლქი ოსმალეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, 1918 წლის შემოდგომაზე კი, მას შემდეგ, რაც ოსმალეთი მსოფლიო ომში დამარცხდა, “ანტანტის” გადაწყვეტილებით ბათუმის ოლქის ოკუპაცია ბრიტანულ ჯარებს დაევალა. ბათუმის ოლქში მყოფი ბრიტანული ჯარების მეთაურობა ცალსახად პროდენიკურ პოზიციებზე იდგა და ხელს უწყობდა დენიკინელთა გააქტიურებას, რაც ოლქის მოსახლეობაში, რომელთა დიდი ნაწილი ოლქის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებას ემხრობოდა, დიდ უკმაყოფილებას იწვევდა).

სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ქართველ-მუსულმანთა მიტინგი მოაწყო აჭარის წყალზედ. 23 ივლისს დილიდანვე მახლობელ სოფლებიდან მოდიოდნენ მიტინგის მონაწილენი. შუადღისას დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ჯგუფ-ჯგუფათ თავმოყრილ ხალხში მიტინგის გახსნამდე გაიმართა ბაასი დღევანდელ მდგომარეობის შესახებ. იყო ლაპარაკი დენიკინის საფრთხეზე, განმათავისუფლებელ კომიტეტზე, საქართველოზე, მის მთავრობაზე,  – რაც წაგვკიდეს ეყოფათ რუსის შავრაზმელებს აწი ვეღარ გავაბატონებთ ჩვენზე, დაგვაყენონ ამ ჩვენ ქვეყანაში, –  ამბობდნენ დენიკინელთა შესახებ. ჩვენ გვინდა ერთობა ჩვენ ძმებ ქართველებთან.

-ყველგან ჯახა-ჯუხია, – ჩაერია ლაპარაკში მოხუცი ქართველი მუსლიმანი, – რუსეთში ერთი მეორეს წყვეტენ, სისხლის ზღვა დააყენეს. საქართველოში კი სიწყნარეა. ქართველებმა დიდი საქმიანობა გამოიჩინეს, ძლიერ კარგად მოაწყეს საქმე. ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ და ვინც ამას დაგვიშლის, მას საკადრის პასუხს გავცემთო.

            ყველა დიდი მადლობით იხსენიებდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტის მოღვაწეობას.

            ამასობაში ავტომობილებიც გამოჩდნენ ბათუმიდან. მოვიდნენ წარმომადგენლები ქობულეთისა, ჩაქვისა, ხულოსი, ქედასი, ართვინის, ბათუმისა და სხვა ადგილებიდან. ხალხი დიდის აღტაცებით შეხვდა მათ. მიტინგი გახსნა განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ აბაშიძემ, რომელსაც ხალხი ტაშის ცემით შეეგება. მემედ-ბეგმა აუხსნა ხალხს დღევანდელი მდგომარეობა, განმათავისუფლებელი კომიტეტის მიზანი და მოუწოდა ამ მიზნის განხორციელებისათვის სამუშაოთ. –  ფართე ავტონომია დედა-სამშობლო საქართველოს ფარგლებში, – აი ჩვენი მიზანი, – სთქვა მემედ-ბეგმა. სხვა გზა ჩვენ არ დაგვადგება. ეს ერთად-ერთი სწორი გზაა და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ხალხი ტაშის ცემით და „გაუმარჯოს საქართველოს“ შეძახილით შეხვდა ამ მოწოდებას.

            ილაპარაკეს ხოჯა ისკანდერ ეფენდიმ, სულეიმან-ბეგ აბაშიძემ, ხასან-ეფენდ ლორთქიფანიძემ, ფუტი ხუსეინ ავნი ეფენდ დევიძემ, სულეიმან-ბეგ ბეჟანიძემ, მულ-აღა კაიკაციშვილმა და სხვებმა.

            მიტინგი მიიღო ის რეზოლუციები, რომლებიც მიღებული იქნა ქობულეთის და ბათუმის მიტინგებზე. ორატორების სიტყვას ხალხი ტაშის ცემითა და ოვაციებით ხვდებოდა. მიტინგი გაიმართება ქედაშიც.

მსგავსი/Related

Back to top button