ახალი ამბები

ივანიშვილი სასამართლო სისტემაზე, TBC ბანკზე, ოპონენტებსა და ყოფილ თანაგუნდელებზე

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედს“ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში არსებულ სიტუაციაზე, სასამართლო სისტემასა და ქვეყანაში განვითარებულ სხვადასხვა პროცესებზე ისაუბრა.

პარტიის შიგნით არსებული ვითარება და გუნდიდან წასული დეპუტატები

ინტერვიუს დიდი ნაწილი ივანიშვილმა პარტიაში არსებულ სიტუაციასა და ყოფილ თანაგუნდელებზე საუბარს დაუთმო. მისი თქმით, „ემოციურობა ქართული ოცნების გუნდში დღესაც შეიმჩნევა“ და „გარკვეულწილად დაბნეულობა [კვლავაც] იგრძნობა“. თუმცა, გუნდთან მისი „მრავალჯერადი“ და „ხანგრძლივი“ შეხვედრების შემდეგ, „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა“.

ივანიშვილმა პარტიიდან წასულ დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ „წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ“ და ისინი „ღია კარის მტვრევით წავიდნენ“. ივანიშვილის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა, რასაც ყოფილი თანაგუნდელები წასვლის მიზეზად ასახელებენ, საბაბად ვერ გამოდგება, „რამეთუ ყველა პრეტენზია, რაც არსებობდა, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, გუნდში შევაჯერეთ თავიდან ბოლომდე და ისინი მას ესწრებოდნენ“.

„ყველა კითხვაზე გუნდში ამომწურავი პასუხი გავეცით, მათ არანაირი კითხვა აღარ რჩებოდათ, მაგრამ ეტყობა, მათ რეალურად სხვა მიზეზი და სხვა საბაბი ვერ ნახეს, წასვლა უნდოდათ და რა არის რეალური მიზეზი, ალბათ, ეს შეიძლება ცოტა მოგვიანებით დრომ გვაჩვენოს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ლიდერმა ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან პარტიაში ფასეულობების აღრევასა და ღირებულებების დაკარგვის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და განმარტა, რომ პირიქით, ფასეულობები გუნდიდან წასულმა დეპუტატებმა აურიეს. მანვე ყოფილი თანაგუნდელები ნაციონალურ მოძრაობასთან უნისონში მოქმედებაში დაადანაშაულა.

„დღეს რომ გაახსენდათ ჩვენი გუნდის წევრებს სასამართლო, როდესაც ამაღლებული შეტევა მიდის ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული არასამთავრობოების მხრიდან. ამაში რატომღაც უნისონში მოდის ჩვენი სამეული (ბესელია, ფოფხაძე, გოგიჩაიშვილი) და იმავე პოზიციას იმეორებენ სასამართლოებსა და მოსამართლეებზე“, – განმარტა მან და იქვე დასძინა – „სწორედ მათთან მაქვს მე პრეტენზია, თუ როგორ ასხამენ ისინი ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე წყალს“.

ივანიშვილმა ქართული ოცნების დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის მიმართ ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან გაჟღერებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყოფილი თანაგუნდელების პრინციპულობაში ეჭვი ეპარება.

„თუ ასეთი პრინციპულები არიან, როდესაც სიაში შეიყვანეს ზარდიაშვილი, მაშინ სად იყო მათი პრინციპულობა? ამ პრინციპულმა დეპუტატებმა, როდესაც ნახეს სიაში ზარდიაშვილი, რატომ არ განაცხადეს, რომ ჩვენ ამ სიაში არ შემოვალთ, სანამ აქ იქნება ზარდიაშვილი?“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უნდა დაისაჯოს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ერთ კაცზე [სააკაშვილზე] მორგებული სისტემის მსხვერპლები აღმოჩნდნენ და თუ მათი დევნა დაიწყებოდა, ახალ უბედურებას მივიღებდით და „ახალ მოჯადოებულ წრეზე გავაგრძელებდით სვლას“. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს „გამორკვევის“ საშუალება მიეცათ, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისივე განცხადებით, თუ გვინდა, რომ საზოგადობა გავამთლიანოთ და ერთად ვიბრძოლოთ, „ის იქ იყო და ამიტომ აქ ვეღარ დადგება“ მიდგომა უნდა დასრულდეს.

ივანიშვილმა კიდევ უფრო ძველი თანაგუნდელებიც გაიხსენა, რომლებიც ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. ამ კონტექსტში მან გია ხუხაშვილი, გუბაზ სანიკიძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაასახელა.

„სოციალ-დემოკრატები“: „კლასიკური ევროპული ვარიანტი, თუ როგორ დატოვო გუნდი“

ივანიშვილმა გუნდიდან წასული დეპუტატების კონტექსტში ცალკე გამოყო სოციალ-დემოკრატები და აღნიშნა, რომ აქ საქმე განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს და ეს არის „კლასიკური ევროპული ვარიანტი იმისა, რომ დატოვო გუნდი, იმიტომ, რომ ღირებულებებზე და იდეოლოგიაზე ვერ თანხმდებიან“.

ივანიშვილის თქმით, სოციალ-დემოკრატები გულწრფელად ეცადნენ, რომ რამდენიმე საკითხთან მიმართებით (მაგალითად საპენსიო რეფორმა და შრომის კოდექსი), გუნდში საკუთარი, განსხვავებული ვარიანტები წარმოედგინათ და მხარდაჭერა მიეღოთ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. „მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს გუნდი, საჯაროდაც გამოვიდნენ და ამის შემდეგ გავიდნენ პარტიიდან“, – დასძინა მან და განმარტა, რომ საზოგადოებაში მემარცხენე პარტიის მოძლიერება მისი გულწრფელი სურვილია.

სასამართლო სისტემა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები

ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ვრცლად ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნაციონალური მოძრაობისა და მასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მართულ პროცესად შეაფასა.

მისი განმარტებით, სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიმართული კამპანია მაშინ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოზე გავლენა დაკარგა. ივანიშვილის თქმით, სწორედ მაშინ გააქტიურდა არასამთავრობო სექტორიც. ამ კონტექსტში მან განსაკუთრებულად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოყო.

ივანიშვილის თქმით, 2013 წელს, როდესაც სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ კუბლაშვილი მართავდა და ყველას ჰქონდა განცდა, რომ სასამართლო კვლავ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშაა, „კაპიტანი“ გიგაური მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მომხრე იყო, დღეს კი ის ამგვარი დანიშვნების წინააღმდეგ „ილაშქრებს“ და „ყოველდღე პოზიციებს ცვლის“.

ივანიშვილის შეფასებით, მურუსიძე და ჩინჩალაძე, ეს ორი გვარი ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ამორჩეული და ქართულმა ოცნებამ მათ შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც მათი საჯარო სივრცეში ლანძღვა დაიწყო. „ბრენდი გახდა ეს გვარები, ეს მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ“, – განმარტა ივანიშვილმა.

„ყველა ეს გვარები, მათი ოდიოზურობა და კლანურობა ყველაფერი მოდის ნაციონალური მოძრაობის და მათგან მართული არასამთავრობოების მხრიდან“, – აღნიშნა მანვე და იქვე დასძინა, რომ ამის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მიერ სასამართლო სისტემაზე დაკარგული გავლენის დაბრუნების მცდელობაა.

ივანიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეც გაიხსენა და განმარტა, რომ როდესაც სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანურ მმართველობაზე“ ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ გადაწყვეტილებებში ხელისუფლება ერევა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე უნდა გავიხსენოთ, სადაც მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პროკურატურის ვერსიას არ დაემთხვა. უფრო მეტიც, ეს მოსამართლე (ეკა არეშიძე) იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გაამწესა.

მანვე საერთაშორისო რეიტინგებიც მოიშველია და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების კუთხით ქვეყანა 77-ე ადგილზე იყო, დღეს კი ქართული სასამართლო „საუკეთესო 20-ეულში შედის დამოუკიდებლობის და სხვადასხვა დადებითი მახასიათებლების მხრივ“. მისივე თქმით, მოქალაქეების სასამართლოსადმი ნდობა საშუალო ევროპული მაჩვენებლის მსგავსია.

გირგვლიანის საქმე და მურუსიძის „ბრალი“

ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემაზე საუბრისას, ლევან მურუსიძის საკითხი ცალკე გამოყო და განმარტა, რომ „დღეს მურუსიძე წარმოგვიდგება გირგვლიანის მკვლელობის სინონიმად“, მისი საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე კი, „ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასამართლოში“.

ივანიშვილის შეფასებით, რეალურად შალვა შავგულიძემ გირგვლიანის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და ეს მის მაგივრად ბრალდების მხარემ გააკეთა. აღნიშნულმა კი, უკვე უზენაეს სასამართლოში ლევან მურუსიძეს შესაძლებლობა დაუკარგა, რომ საქმე პირველი ინსტანციაში დაებრუნებინა.

„ყველა მოსამართლე იყო მართული, ყველას ჰქონდა ადეიშვილის შიში, მაგრამ ფორმალურადაც კი მას [მურუსიძეს] არ ჰქონდა საშუალება იმის, რომ პირველ ინსტანციაში ჩაებრუნებინა, იმ მიზეზით, რომ შავგულიძემ რატომღაც პირველი ინსტანციის შემდეგ აპელაციაში არ შეიტანა“, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა – „მურუსიძეს არ ჰქონდა არიდების საშუალება, რაც იყო კანონმდებლობა, ვერ გადაახტებოდა“.

„მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ თვითონ [შავგულიძე] იყო მანიპულაციებში [ჩართული] პროკურატურასა და სასამართლოს შორის, რომელსაც ადეიშვილი მართავდა, რამეთუ გამოტოვა და საშუალება არ მისცა სხვა ინსტანციებს, რომ ქმედების საშუალება დარჩენოდათ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა

ივანიშვილმა ინტერვიუს დროს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე და ქართული ოცნების ოპონენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი „ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, რომელიც „საკუთარ თავს ატყუებს“. „რომ ჩამოვიდეს ციხეში უნდა ჩაჯდეს, სად უნდა ჩამოვიდეს?“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, იმის მიზეზი, რომ ქართული ოცნების ძირითადი ოპონენტი დღესაც ნაციონალური მოძრაობაა, ღარიბი პოლიტიკური ისტებლიშმენტია. მისივე განმარტებით, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას აქვს დაკავებული რომელიც „მხოლოდ სიცრუეზე, ძალადობაზეა“ დაფუძნებული და „ჩვენგან გაძარცვული ფულით და მითვისებული ტელევიზიით“ იბრძვის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“

ივანიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ განაცხადა, რომ მას თავისი „მრევლი“ ჰყავს და „ისინი ამას უყურებენ“. „დილით დგებიან. ფაქტების ძიებაში აღარ არიან, სცენარებს წერენ, წადი და იმართლე მერე თავი, როგორც გინდა“, – დასძინა ივანიშვილმა.

TBC ბანკი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ივანიშვილმა TBC ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი დასრულებულია – „ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა, ბანკმა ჯარიმა გადაიხადა და ეს ორი პიროვნება [მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე] გამოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოდან, აქ კითხვებიც აღარ არის“.

მმართველი პარტიის ლიდერმა ანაკლიის ყრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მისი აშენება მოქმედი ხელისუფლების ინტერესშია. „პროექტი არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ეს სერიოზული პროექტია, თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მოუწევს“, – განაცხადა მან.

ივანიშვილის თქმით, TBC ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ „სპეკულირებაა“. „ის ინსინუაციები, რასაც ცდილობენ ოპონენტები მიანიშნონ, რომ ან დანგრევა უნდა [ივანიშვილს] ან რუსეთისთვის გადაცემა უნდა, ან არ უნდა ამის გაკეთება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ეს თვითონ ხაზარაძემაც კარგად იცის“, – აღნიშნა მანვე.

„პერსპექტივა ის არის, რომ ეს პორტი აუცილებლად აშენდება და მე სურვილი მექნებოდა და რომ სწორედ მათ [ანაკლიის კონსორციუმმა] ააშენონ და მაქსიმალურ დახმარებას [გავუწევთ] პირადად თუ სახელმწიფოს მხრიდან, კანონმდებლობის ფარგლებში, რაც შეიძლება, რომ როგორმე მათ ეს პროექტი განახორციელონ. რთული პროექტია. მე ვუსურვებდი წარმატებას“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მთავრობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა

ივანიშვილმა მოქმედი მთავრობის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ „მთავრობა სწორი შერჩეულია, ეფექტურია, იქ შეიძლება რომელიღაცა მინისტრთან იყოს პატარა კითხვები, [თუმცა] პრემიერი ძალიან ცდილობს“.

ივანიშვილმა მმართველი გუნდის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებასთან ურთიერთობა დაასახელა და აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე მათთან „ხიდი ჩატყდა“, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მანვე ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ „საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა დაასახელა.

მან აქცენტი ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და უმუშევრობაზეც გააკეთა და განმარტა, რომ ხელისუფლება ამის დასაძლევად მაქსიმუმს აკეთებს. „ამ სიღარიბეს მოკლე დროში ვერ დავძლევთ, ამას სჭირდება სტაბილური გარემო, თუ გვინდა, რომ ინვესტიცია მოვიზიდოთ… სტაბილურად უნდა ვიცხოვროთ თუ გვინდა ეკონომიკა განვითარდეს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button