Placeholder canvas
მოსაზრებაწერილები

დიდება გმირებს, ვაშა სიცოცხლეს!

9 აპრილის სისხლიანმა განთიადმა ერთბაშად და სამუდამოდ აქცია სსრკ საქართველოს იმ თაობისთვის მტრად, რუსის სალდათი – მკვლელად. ბევრი სხვაგვარად თვლიდა 1988 წლის ნოემბერში, 1989 წლის აპრილის დასაწყისშიც. ოღონდ 9 აპრილის შემდეგ ამას მათი უმრავლესობა აღარ, უმცირესობა კი ალბათ ვეღარ, იტყოდა.

9 აპრილმა დაგვიტოვა თავისუფლებისთვის წამებულები და განთავისუფლების იდეა მძიმე ჯაჭვით ჩააბა სიკვდილს. მაშინდელი დღეების მუსიკალური და პოეტური რეფრენი, განწყობა… „შავლეგო“, „სიკვდილითა სიკვდილითა დამთრგუნველი“, გლოვის ზარის მოტივზე დამღერილი „დაუკარით…“, ჰიმნად ქცეული ვაება „ჩემო კარგო ქვეყანავ“…

9 აპრილის აღდგომის დღესასწაულთან ბმა – წამებულების სისხლით გამოსყიდული თავისუფლება…„არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა….“

ვინც იმ ღამეს და იმ დილას რუსთაველის გამზირზე იდგა, მისტიური ერთობა განიცადა. ერთობა სიკვდილის წინაშე. ერთობა, რომლის წყარო, სიამაყესთან ერთად, შიშიც იყო. ამ  ერთობამ საშუალება მისცა მაშინდელ საქართველოს უძლეველი რუსის შიში დაეძლია და დახუჭული თვალებით, მკერდით, სისხლის ფასად გაერღვია საბჭოური კედელი.

თუმცა 9 აპრილს გაღებულმა სისხლმა დაგვიტოვა ეჭვი – ღირდა კი შედეგი მსხვერპლად? ამ შიშის დაფარვას ყოველ 9 აპრილს გმირობაზე, ერთობაზე საუბრით ვცდილობთ. ამ განცდილი ორაზროვნების დაძლევის ყველაზე შეგნებული მცდელობა 1991 წლის 9 აპრილი იყო – დამოუკიდებლობის გამოცხადება ზვიად გამსახურდიას მიერ.

მოვლენა, თარიღი, რომელიც ვერა და ვერ მოვიშინაურეთ, როგორც დამოუკიდებლობის დღე, როგორც 1989 წლის 9 აპრილს გადაშლილი ფურცლის დახურვა. თარიღების გამიზნული დამთხვევა ბევრმა მაშინ მკრეხელობად ჩაუთვალა ზვიად გამსახურდიას – სიკვდილით აღდგომის მისტერია  საზოგადოების ცნობიერებაში არ შედგა. სისხლისა და მოწამეობის ფურცელი არ დაიხურა.

გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთში, დევნილობა, ბანდების თარეში, სიცოცხლის არად ჩაგდება, ცხოვრება მომავლის გარეშე, მომავლის რწმენის გარეშე.

გაგვიგრძელდა სიკვდილთან თამაში, სიკვდილის მოშინაურება და დაცინვა, რომელის ყველაზე უკიდურესი გამოხატულებებიც ძალიან, ძალიან ნელა მოვთოკეთ როგორც საზოგადოებამ და ახლაც, უმცირესი სტრესის დროს კვლავაც წამოყოფს ხოლმე თავს.

ცხრა აპრილის ტრავმა, ჩვენი შიში, გადაგვარდა კი იგი შურისძიებად? ვის წინააღმდეგ? მაშინდელი ლიდერების? აფხაზების, რომელთა საჯარო წერილმაც დაუდო დასაბამი აპრილის პროტესტებს? საკუთარი თავის?

„ბავშვები დაგვიხოცეს“ – რუსებმა  დაგვიხოცეს, კი, რუსი მტერია – მაგრამ ლიდერები, ლიდერები რატომ არ მოკვდნენ მათ გვერდით? ეგებ, ის ლიდერებიც ამას ფიქრობდნენ – რატომ ჩვენ არ მოვკვდით მათ გვერდით? და ასე, ერთმანეთის ჩუმი თუ ხმამაღალი სიძულვილით, ხშირად ერთმანეთისვე ხელით, წავიდნენ, თითქმის ყველა ძალადობრივი სიკვდილით. დაისაჯნენ?

სიბრძნე, სიდინჯე გვმართებდაო, პარტიული ელიტა ამბობდა ამას 1989 წლის ცხრა აპრილამდე და მის შემდეგ, სამარისებული სიჩუმის დღეებში. მაშინდელი არაფორმალების წინააღმდეგ ამბობდა ამას, დემონსტრანტების წინააღმდეგ. ისედაც დაინგრეოდაო საბჭოთა კავშირი, რატომ შევასკდითო. „ბავშვები შეატოვეს“, „რუსეთს გინდა ებრძოლო“?! მეორდება და გამეორდება კიდეც ეს ფრაზები. ჩალიჩით, გოთვერნობით უნდა მოუგო ძლიერს. აბა როგორ გინდა ბაბაია, ბარიკადებზე გინდა დაუდგე ტანკს? ცოტანი ვართ ქართველები, სად შეგვიძლია ამდენი მსხვერპლის გაღება?

სიდინჯე, სიბრძნე გვმართებსო – კათალიკოს პატრიარქიც ამბობდა ამას მაშინ.  მისდამი დაუმორჩილებლობას ახლაც ცოდვად უთვლიან მაშინდელ ლიდერებს. ბევრს სადღაც გულისგულში, ზოგს კი ღიადაც სჯერა, რომ მისდამი – ღმერთის, რწმენის სახელით მოლაპარაკისადმი, დაუმორჩილებლობამ გამოიწვია სასჯელიც. 9 აპრილის ღამემ შესძინა ილია მეორეს ბრძენკაცის თითქმის მისტიური აურა და საზოგადოების უპირობო ნდობა – იმ განთიადის დაუმორჩილებლობის გამოსასყდად?

სიდინჯის მოქადაგეთა შიში ჩვენი საერთო შიშია – საბჭოთა დაპყრობის დროიდან  დაგროვებული. დავიწყებული ომები და მებრძოლების გადაფხეკილი ფოტოები, ღამის ჩურჩულები და კარზე უკმეხი ბრახუნი, დაკარგული და გამქრალი ნათესავები, უხმოდ ტირილი, დაბეზღებულნი და დამბეზღებლები, მერე თავად დაბეზღებული დამბეზღებლები…

და გადარჩენილები: ისინი ვისი დაბეზღებაც ვერ მოასწრეს, ვისი დაბეზღებულიც – ამქვეყნად არ დარჩა, თქმა ვერ მოასწრო… ისინი, ვინც გაიქცა – „შინაგან ემიგრაციაში“, საწერი მაგიდის უჯრებში, ღვინოსა და დროსტარებში, სიგიჟესა და ექსცენტრიულობაში. ცოცხლები, ყველანი, მათი შვილები, შვილიშვილები, ვინც ვიყავით ცოცხალი 1989-ში – ვატარებთ ამ შიშს.

ისევე, როგორც მის ანტიდოტს – ტიციანის ტყვიას. „გული გაიხელე, სისხლით გაიხალე…“

ცხრა აპრილის სიკვდილი, ღია ბრძოლაში მტრის წინ დადგომა შვებაა საბჭოთა სისტემით დათრგუნული ადამიანისთვის. სიკვდილის გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლობის ყველაზე ნაღდი დეკლარაციაა ინდივიდისათვის, მით უფრო – მონად შობილისთვის…

…მაგრამ არა ერისთვის, არა უკვე თავისუფალი ქვეყნისთვის.

ურთულესი ამოცანაა ჩვენი საზოგადოებისთვის: თავისუფლებასა და სიკვდილს შორის გაბმული ჯაჭვის გაწყვეტა.

ტრაგედიის დაუსრულებელი  გამოხმობა ფარსად, შემდეგ კი გროტესკად იქცევა.

თავისუფლების ჟინი, დაფარული სიკვდილის ვუალის მიღმა მძიმე ნევროზად გადაგვარდება , რომელიც სხვისადმი აგრესიაში გამოიხატება, რომელიც გვკლავს, როგორც საზოგადოების პროდუქტიულ ნაწილს, გვაყრუვებს ყველასა და ყველაფრის მიმართ, გარდა საკუთარი შიშებისა, რომელიც ერთობის შეგრძნებას – მხოლოდ გლოვისას გვაძლევს, რომელიც მუდმივ წამებას და ახალ წამებულებს მოითხოვს. რომელის სახელითაც ვქმნით წარსულის აჩრდილებისაგან უსიცოცხლო და იდეალურ, ცალგანზომილებიან გმირებს, კერპებს, რომლებისაც აღარ გვეშინია.

თავისუფლების მოპოვება შეიძლება სისხლით, მაგრამ შენარჩუნება – მხოლოდ ოფლით.

გარდაუვალი აპოკალიფსის იმედით (დიახ, შვების მომგვრელი დასასრულის იმედით, და არა შიშით) საზოგადოების ცხოვრება შეუძლებელია, ის უნდა დაუბრუნდეს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს. დაუბრუნდეს საკუთარი გადაწვეტილებების გაცნობიერებულ პოლიტიკურობას, კონკრეტულ პასუხისმგებლობას ხვალინდელ დღეზე.

აფექტის მდგომარეობაში სახელმწიფოს შენობა ვერ აშენდება. აქ სიდინჯე და დაკვირვებაა საჭირო.

მტერთან ბრძოლა კი ცოდვა  ვერ იქნება, არც ერის, არც ქვეყნის და არც ღმერთის წინაშე. ეს მოქალაქის წმინდა და უპირობო მოვალეობაა.

დიდება გმირებს! ვაშა სიცოცხლეს!

მსგავსი/Related

Back to top button