რესპუბლიკა 100

ნოე ჟორდანია და სოციალიზმის ნაციონალიზაცია


გერონტი ქიქოძე ,გაზ. „საქართველო“, 1917 წელი, 9 დეკემბერი (ძვ. სტილით), N268.

არსენალის გარშემო ატეხილი ბრძოლა დაცხრა, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება კამათი თბილისის ბოლშევიკურ და მენშევიკურ გაზეთებს შორის. ეს კამათი ერთგვარი გამოძახილია იმ დიდი სამოქალაქო ომისა, რომელიც რუსეთში დაიწყო ლენინის ჩამოსვლის შემდეგ. მაგრამ, რადგან რუსეთსა და ჩვენ სამშობლოს შორის მაღალი ქედია ამართული, ჩრდილოეთიდან წამოსული ტალღა ნელდება და, ცოტა არ იყოს მიმართულებასაც იცვლის.

ქართველ და რუს მენშევიკების კავშირი ყოველთვის უფრო ორგანიზაციული იყო ვიდრე იდეური. ერთი და იგივე სახელწოდება ღრმა  შინაგან წინააღმდეგობას ჰფარავდა.

ქართული მენშევიზმი ქართული მესამე დასის ნიადაგზე აღმოცენდა. მესამე დასი კი ქართველი ერის ორგანული განვითარების ნაყოფი იყო. გიორგი წერეთელისა და ეგნატე ნინოშვილის შემწეობით ეს რევოლუციური მიმართულება საქართველოს სულიერ კულტურისა და ისტორიულ ტრადიციებთან იყო დაკავშირებული.

ბატონ ნოე ჟორდანიას შემწეობით ქართული სოციალისტური ინსტიქტი დასავლეთ ევროპის  მარქსისტულ იდეოლოგიას შეეუღლა. ეს მოხდა უფრო ადრე ვიდრე რუსეთში მომავალი მენშევიზმის ლიდერები, უხერხემლო ანუ „რბილტანიანი“ ადამიანები მარტინოვები, მარტოვები და დანები გამოჩნდებოდნენ.

თავისი ტემპერამენტით, განათლებით და აზროვნების მეთოდით ბატონი ნოე ჟორდანია გერმანელ და ფრანგ სოციალისტებთან უფრო ახლო იდგა ვიდრე რუსებთან.

ქართველი პუბლიცისტის ნაწერებში მრავლად მოიპოვება სტრიქონები, რომელნიც სტილის სილაზათით და აზრი სიცხოველით ლიბკნეხტის, მერინგის, ლაფარჟის და ჟორესის ნაწერებს წააგვანან. არც დიალექტურ ვარჯიშობაში გაწვრთნილ პლეხანოვს, არც ცულდითა და წაკატით აღჭურვილ ლენინს არ შეუძლია ამგვარი სტრიქონების დაწერა.

გვგონია, რომ ლაღი ქართველი გულისტკივილით შევიდა რუს სექტანტების ვიწრო სენაკში. ეს მოხდა 1903 წელს, ლონდონის ყრილობაზე, სადაც ქართველი სოციალ-დემოკრატია პროგრამულადაც და ორგანიზაციულადაც საბოლოოდ შეუკავშირდა რუსის სოციალ-დემოკრატიას. ამავე ყრილობაზე მოხდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გათიშვა ბოლშევიკებათ და მენშევიკებათ.

აქედან იწყება ჩვენი მესამე დასის გადაგვარება, მისი გათქვეფა რუსულ უსახო და უფორმო ოპორტიუნიზმში. ერთს დროს ამ ხალხმა თითქმის სრულიად დაივიწყა საკუთარი  ტრადიციები და რუსულ ებრაული ჟარგონი შეითვისა. გადაგვარების პროცესმა არ დაინდო თვით ბატონი ნოე ჟორდანია სექტანტურმა ჟინიანობამ დაჩრდილა მისი ნათელი აზროვნება, მენშევიკებისა და ბუნდისტების გავლენა მას ნაკლებ სასიქადულო სტრიქონები უკარნახა ფედერალისტებისა და ტერიტორიული ავტონომიის იდეის წინააღმდეგ.

რუსული სოციალიზმის გაკოტრებამ და დაშლამ ხელი შეუწყო  ქართველი მენშევიკების თვითგამორკვევას, მათ მიბრუნებას საკუთარი წარსულისა ესე იგი მესამე დასის ტრადიციებისკენ.

აღმოჩნდა, რომ ევროპიული კულტურის ელემენტები შედარებით ცოტაა რუსულ სოციალიზმში. პლეხანოვმა და ლენინმა ერთი და იგივე მისტიური სლავოფილური სული გამოააშკარავეს, მხოლოდ პირველმა ამ სულს უფრო იმპერიალისტურ-ლიბერალური გამოხატულება მისცა, მეორემ უფრო იაკობინურ-კომუნისტური.

არსებითად ორივენი რუსეთის გაფართოებისათვის ოცნებობენ, მხოლოდ პლეხანოვს უცხო ტერიტორიების ანექსია სწყურია, ლენინს კი უცხო იდეებისა და სულიერი კულტურისა.

            მაგრამ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის კრიზისი კატასტროფად გადაიქცა მენშევიკური ფრაქციისთვის. ამ ფრაქციამ სრულიად ვერ გაამართლა რუსის ხალხის ნდობა, ვერ გამოიჩინა ვერც თაოსნობა და ვერ შემოქმედების ნიჭი და შვიდი თვის უნაყოფო ბჭობის შემდეგ ნირვანაში ჩაესვენა.

ნოე ჟორდანიას გულწრფელობასა და ინტელექტუალურ გამბედაობას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ სწორედ დაინახა და საჯაროდ აღიარა რუსული სოციალისტური დემოკრატიის გაკოტრება.

ამით მან საკუთარი გზები უჩვენა ქართულ სოციალიზმს. სხვებს ამისთვის ან სითამამე აკლდათ ან გამჭრიახობა. და თუ არ ვსცდებით, ბატონი ირაკლი წერეთელი დღესაც მგლის თავზე სახარებას ჰკითხულობს ქალაქ პეტროგრადს, ჩინიზელის ცირკში.

            როგორც იდეური ბელადი ბატონო ჟორდანია, რასაკვირველია წინ უსწრებს თავის პარტიულ ლაშქარს, მაგრამ მისი პირადი ევოლუცია არსებითად მთელი ქართველი სოციალ-დემოკრატიის ევოლუციაა.

მსოფლიო ომი და რუსეთის რევოლუცია კარგი სკოლა იყო ამ ხალხისთვის, მათ თანდათან ისწავლეს საკუთარი თვალებით ცქერა და საკუთარი ფეხით სიარული. თუმცა ბოლო დრომდე თავიანთ თავს მენშევიკებს უწოდებდნენ, მაგრამ არსებითად აღარ აწარმოებდნენ ნამდვილ მენშევიკურ პოლიტიკას. ჩვენი სამშობლოს სინამდვილემ ნელ-ნელა გაალხო მათი გაყინული დოგმები, მათმა სამხრეთულმა ტემპერამენტმა თავის მხრით გაარღვია რუსული სოციალისტური ოპორტუნიზმის ვიწრო ჩარჩოები.

ორს მნიშვნელოვან პუნქტში, სახელდობრ ზავისა და ძალაუფლების საკითხში ქართველი სოციალ-დემოკრატები დაშორდნენ რუს მენშევიკებს, პეტროგრადის დემოკრატიულ თათბირზე იმ განზრახვით გაემგზავრნენ, რომ დაუყოვნებლივ მშვიდობიანობის ჩამოგდება და მთელი ძალაუფლების რევოლუციონური საბჭოების ხელში გადაცემა მოეთხოვნათ. დიდად საყურადღებო და დამახასიათებელია, რომ ეს ორი მოთხოვნილება მიღებული იყო არა მარტო ქართველ სოციალ-დემოკრატებისა, არამედ მთელი ინტერპარტიული საბჭოს მიერ. რასაკვირველია, ეს ერთგვარი კომპრომისი იყო, ერთგვარი თვითგანწირვა ქართველი ზომიერი ელემენტების მიერ. რუსეთში ამგვარი კომპრომისი ყოვლად შეუძლებელია. იქ არა თუ ზომიერი ელემენტები და სოციალისტები, თვით ეს უკანასკნელნიც კი ვერ შეთანხმდნენ ურთიერთშორის ზავისა და ძალაუფლების საკითხის შესახებ. ეს იმით აიხსნება, რომ კლასობრივი და წოდებრივი წინააღმდეგობები უფრო მძაფრი და გარდაუალია რუსეთში.

ლენინისა და მილიუკოვს შორის ისეთი უფსკრულია, როგორც არ შეიძლება არსებობდეს ბატონ ნოე ჟორდანიასა და ბატონ ნიკო ნიკოლაძეს შორის.

ჩვენში შეიძლება კულტურული მესიანიზმის ელემენტები მოიპოვებოდეს, მაგრამ არ არის იმპერიალისტური ბურჟუაზია.  ქართველი ერის კულტურულ მისიას კი აშკარად სცნობს არა მარტო ეროვნული დემოკრატია, არამედ სოციალ-დემოკრატია და, თუ მახსოვრობა არ გვღალატობს, თვით ბატონმა ნოე ჟორდანიამ რამდენიმე მკვეთრი სიტყვა სთქვა ამის შესახებ.

მსხვილი აგრესიული ბურჟუაზიის უყოლობას ზედ ერთვის ქართველი თავად-აზნაურობის დაშლა და გათქვეფა ქართველ დემოკრატიაში.  ამ წოდებამ უარი სთქვა თავის პრივილეგიებისა და თავის კოლექტიურ ქონებაზე წყნარად და უბრძოლველად, როგორც ეს მეტის მეტად სისხლნაკლებ და მეტის მეტად მოქანცულ არსებას შეეფერება.

გაერთიანებულმა ქართველმა დემოკრატიამ თითქმის უმტკივნეულოდ ჩაიბარა წარსულ საუკუნეების მემკვიდრეობა. მას მეტოქე არა ჰყავდა საკუთარ ოჯახში. ასეთ პირობებში სამოქალაქო ომს ნიადაგი არა აქვს საქართველოს მიწა-წყალზე.

კიდევ მეტი – ქართველმა ხალხმა ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას იმ სამოქალაქო ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. სხვა არა იყოს რა, ამას თავდაცვის ელემენტარული პრინციპი გვავალდებულებს: ჩვენი ბიოლოგიური ენერგია განსაზღვრულია და ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ხანგრძლივი  კრიზისების ატანა, რომელსაც ადვილად გაუძლებს ას მილიონიანი  ხალხი.  ეს ჭეშმარიტება სწორეთ აღნიშნა თვით ბატონმა ჟორდანიამ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე.

მაგრამ თუ ჩვენ სხვების შინაურ პოლიტიკაში აღარ ვერევით, არც სხვები უნდა ჩაერიონ ჩვენს ოჯახურ საქმეებში. ამიერიდან საქართველოში ფაქტიურად აღარ არსებობს მენშევიკური ფრაქცია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა მისი ადგილი ქართულმა მესამე დასმა დაიჭირა. ანტიკვარიატის სიყვარულის გამო ამ ხალხმა ერთხანს შეიძლება კიდევ ატაროს ძველი რუსული ეტიკეტი. ეს გარემოება ოდნავადაც ვერ დაჰფარავს შინაარსის ცვალებადობას. უკანასკნელ არჩევნებში პირველი ნომერი ქართული ნომერი იყო საქართველოს გარეშე გასავალი არ ჰქონდა, თვით ბაქოში ბატონ ჟორდანიას და ბატონ წერეთლის სიამ მხოლოდ ხუთი ათასი ხმა შეკრიბა.

მაგრამ თუ ჩვენში მენშევიზმი გარდაიცვალა, ამიერიდან აღარც ბოლშევიზმი უნდა არსებობდეს საქართველოში. ეს ორი იდეური მიმართულება თეზისი და ანტითეზისია, ერთი მათგანის მოსპობა აუცილებლად გულისხმობს მეორის მოსპობასაც. განახლებული მესამე დასი ნამდვილი სინთეზისი იქნება ლოგიკურადაც და ფაქტიურადაც.

მართლაც ჩვენ ვხედავთ რომ ამიერკავკასიის მთავრობის ქართველი წევრები დღეს აწარმოებენ არა მენშევიკურ და არა ბოლშევიკურ არამედ სინთეტიურ დემოკრატიულ პოლიტიკას.  ეს პოლიტიკა წინდახედულად ეხება როგორც ზავის, ისე პოლიტიკური და სოციალური რეფორმების საკითხს. არც რუსი ბოლშევიკების ლიდერს ლენინს, არც რუსი მენშევიკების ლიდერს წერეთელს არ შეუძლია სავსებით ასეთი პოლიტიკის მიღება. მაგრამ მას იღებს მთელი ქართველი ხალხი და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რასაკვირველია.

ასეთ პირობებში რუსის ბოლშევიკებს აღარ შეუძლია იდეური ბრძოლის წარმოება ქართველი სოციალ-დემოკრატიის წინააღმდეგ. მათ წინაშე სდგას არა ძველი ფრაქციული მოწინააღმდეგე, არამედ სხვა ერის სოციალისტი.  რასაკვირველია თბილელ რუსის ბოლშევიკებს შეუძლიათ ბრძოლა ეროვნულ ნიადაგზე გადაიტანონ და ქართველ მუშებსა და სოციალისტებს რუსის ჯარის კაცები მიუსიონ. ამის ნიშნები სჩანს კიდეც: ზოგი უპასუხისმგებლო აგიტატორი და პუბლიცისტი ბოლო დროს ჭეშმარიტ  რუსების მიერ დატოვებულ ტრადიციებს აცხოველებს: ქუჩებსა და მდარე ხარისხოვან აუდიტორიებში კიდეც გაისმის ლაპარაკი ქართველების ღალატსა და სეპარაციაზე.

თუ ბრძოლამ ასეთი მიმართულება მიიღო, ქართველ განათლებულ და ზომიერ საზოგადოებას აღარ აქვს უფლება ნეიტრალიტეტი დაიცვას. ეს აღარ არის რუს ბოლშევიკებსა და მენშევიკების შეჯახება, ეს რუსული სტიქიონური ნაციონალიზმის თავდასხმაა ქართულ სოციალიზმზე. ეს უკანასკნელი კი ერთი აუცილებელი შემადგენელი ელემენტია ახოვანი და მრავალფეროვანი ქართული კულტურისა. მით უმეტეს რომ დღეს-დღეობით სოციალიზმი ავად თუ კარგად ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მრწამსს და ოცნებას წარმოადგენს.

საქართველოს პირველ ეროვნულ ყრილობაზე ქართველმა საზოგადოებამ თითქო ხელახლა აღმოაჩინა თავისი პუბლიცისტი და ტაში დაუკრა მის ლაპადარულ ფორმულებს. ამ დღეს ბატონი ნოე ჟორდანია მართლაც მთელი ქართველი ერის მეთაური იყო. შეიძლება იბსენის ხუროთ-მოძღვარ სოლნესივით ეს ადამიანიც გრძნობდეს, რომ ადრე თუ გვიან უცნობი ახალგაზრდა მოვა, კარებს დაუკაკუნებს და ადგილის დათმობას მოსთხოვს. ბრძენი ოსტატი უნდა წავიდეს შეუჭირვებლად.

1917 წლის ნოემბრის დღეებში ის ავიდა იმ სიმაღლეზე, რომელზედაც საქართველოში შეიძლება არავინ ასულა ჩვენი თაობის მახსოვრებაში. ეს მოხდა მაშინ, როცა ნოე ჟორდანიამ ეროვნული ყრილობის წინაშე განაცხადა, რომ ქართველი ერის სხეული განმრთელდა და დაწერა დიდი ეტრატი თავისუფლებისა.

მსგავსი/Related

Back to top button