Placeholder canvas
ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რომელზეც შეკრებილები შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითხოვდნენ, 4 პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ვახუშტი მენაბდე და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი დავით სუბელიანი.

დაკავებულების შესახებ ინფორმაცია Civil.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქცია სახელწოდებით „დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“, გუშინ საღამოს მას შემდეგ დაანონსდა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობის პერიმეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რასაც ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან დღეს შეკრება საღამოს შვიდი საათიდან დაიწყეს. კანცელარიიდან მათ მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე, გუშინ მომხდარი ტრაგედიის ადგილას გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის 4 მონაწილე სწორედ ამ დროს დააკავეს.

ამ მომენტისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია. აქციის ორგანიზატორები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან. 

განახლება: მედიის ცნობით, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს. Civil-ge-ს აღნიშნული ინფორმაცია შსს-ში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, ამ დროისთვის ექვსივე დაკავებული თავისუფალია.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button