Placeholder canvas
ახალი ამბები

ლავროვი დაურ კოვეს სამართლებრივ კავშირებსა და ახლო თანამშრომლობაზე ესაუბრა

1 აპრილს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების წინა დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა.

თავის შესავალ სიტყვაში ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს და სოხუმს „ორმხრივ ურთიერთობებში კარგი დინამიკა“ აქვს, ხოლო პოლიტიკური კონტაქტები უმაღლეს დონეზე, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან რეგულარულია.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ დაურ კოვესთან საუბრის პრიორიტეტული თემებია „ერთობლივი ქმედებები აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სოხუმის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ყურადღება ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა, როგორც რუსი, ისე აფხაზი ბიზნესმენების მონაწილეობით. „ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ურთიერთქმედება აფხაზეთსა და რუსეთის რეგიონებს შორის, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენენ ერთობლივი მუშაობისადმი“, – დასძინა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „უმაღლეს დონეზე და მთავრობის დონეზე ხელმოწერილი ასზე მეტი დოკუმენტი“ სოციალურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და საგარეო პოლიტიკაში თანამშრომლობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ლავროვი ასევე მიესალმა „საგარეო პოლიტიკის კოორდინირების ეფექტიან მექანიზმს“, რომელიც კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2015 წლის მემორანდუმს ეფუძნება. ამ კონტექსტში, მან 2-3 აპრილს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, რუსეთი „კვლავ დაეხმარება აფხაზეთს საერთაშორისო პოზიციების გამყარებაში“.

თავის მხრივ, დაურ კოვემ მადლობა გადაუხადა ლავროვს მისი „შეუფასებელი პირადი წვლილისთვის“ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში და სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას გაუსვა ხაზი.

კოვემ ასევე აღნიშნა, რომ „ორმხრივი დღის წესრიგის“ მთავარ საკითხებად კვლავ რჩება დისკუსიები აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაზე, კულტურულ და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში აღიარა. რუსეთის შემდეგ, ორი რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

რუსეთმა სოხუმთან ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დოკუმენტი რუსეთსა და აფხაზეთს შორის სამხედრო, უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში ახლო ინტეგრაციას ითვალისწინებს. შემდგომ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, რომლებსაც საქართველო ასევე უკანონოდ მიიჩნევს, რუსეთის სამხედრო-უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ასევე რუსეთის სამხრეთის რეგიონების ეკონომიკურ და სოციალურ სისტემებში აფხაზეთის ეტაპობრივი ინტეგრაცია მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button