Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

მთავრობა უარს ამბობს ამნისტიაზე, ბოლშევიკები ციხეში რჩებიან

(„ერთობა“, 1-ლი აპრილი, 1919 წ. N73)

ამნისტია

ნიკოლოზის ჟამს სულ ამაზე ოცნებობდა ციხე. აი დაიბადება ბავშვი, ან აკურთხებენ გვირგვინს, ან დღესასწაულებენ სამასი წლის თავს თავის მტარვალობისას და გადმოგვიგდებენ მოწყალებას. მაგრამ ნამდვილი რევოლიუციონერები არასდროს არ ფიქრობდნენ ამ გზით შეღავათის მიღებას. ამნისტია ნამდვილი, რეალური მოჰყვა მხოლოდ რევოლიუციას, ე.ი. მეფის ჩამოგდებას.

ისტორიამ იცის სხვაგვარი ამნისტიაც. ეს ხდება ბრძოლის გათავების ხანაში, როცა სიმწვავე სამოქალაქო ომისა გაივლის, როცა ძალთა განწყობილება ჩამოყალიბდება და განსაკუთრებული ზომები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთადმი უბრალო შურისძიების ხასიათს ღებულობს.

ჩვენ შორს ვართ ასეთი შურისძიების გრძობებისაგან. ჩვენ სრულიადაც არ გვამოძრავებს მტრული გრძნობა; მაგრამ არც რომანტიზმით ვართ გატაცებული. ამნისტიის გამოცხადება იმიტომ, რომ გაიხსნა დამფუძნებელი კრება – ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზაა, შესამოსელია, რომელიც სადღესასწაულოთ გამოდგება, მაგრამ პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესებისათვის კი არა.

ჩვენ გვამოქმედებს ინტერესები ხალხის და რევოლიუციის.

ბალშევიკები, ეს ერთათერთი პოლიტიკურები, დღეს დატუსაღებულია ჩვენში. როცა მათ დენიკინი გაჟლეტას უქადდა, ჩვენ იგინი მივიღეთ. განა შეგვეძლო არ მიგვეღო? და შევიფარეთ კიდეც, როგორც პოლიტიკური დევნილნი. ჩვენ მათ არც ვებრძვით მათი იდეებისათვის.

და დღეს რომმხოლოდ იდეების ქადაგების ხანა იყოს, ჩვენ მათ სრულ თავისუფლებას მივანიჭებდით.

მაგრამ დღეს ასე არ გახლავთ. დღეს სიტყვა იქცევა საქმეთ დაუყოვნებლივ და ისეთ საქმეთ, რომელშიაც პირველ როლს იარაღი თამაშობს, დღეს ბალშევიკები ეყრდნობიან არა ხალხის ხმას, არამედ იარაღს, და ყოველ წამს მზათ არიან იარაღით შემუსრონ თავის პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მაშასადამე მათი მოქმედება დღეს – ეს სამოქალაქო ომის. სანამ იგინი ასეთ ომს აწარმოებდნენ საქართველოს გარეშე – ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური დევნილნი იყვნენ და მათ ვინახავდით. მაგრამ როდესაც ასეთ სამოქალაქო ომს იწყებენ ჩვენში, მაშინ, ცხადია, ჩვენც უფლება გვაქვს მათ ისე მოვეპყრათ, როგორც მეომარ მხარეს.

ჩვენ არ დაგვიტუსაღებია ბალშევიკები, რომელნიც კავკავიდან მოვიდენ, ჩვენ დავატუსაღეთ მხოლოდ ისინი, რომელთაც სამართალი კიდევს ხელს ჩვენში აჯანყების მოწყობისათვის, და ვატუსაღებთ იმათ, ვინც დღეს აწყობს ჩვენში ახალ სამოქალაქო ომის ნიადაგს.

მაშასადამე ამნისტიის გამოცხადება მათთვის ეს იქნებოდა კიდევ ახალი მსხვერპლის გაღება ხალხისაგან, ახალი სისხლის დაღვრა ორივე მხრით. და ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს ჩვენი ხალხის სისხლის დაღვრის წინაშე დავაყენოთ ჩვენის დაუდევრობით, ან რომანტიკული გატაცებით.

მაშ შეუძლებელია ამნისტია?

ამნისტია დიახ შეუძლებელია. მოწყალებას ომში არ აქვს ადგილი. ამნისტია, მოწყალება კი ეს პოლიტიკური ქველმოქმედებაა.

ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მებრძოლ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის შეიძლება მხოლოდ მორიგებით, თუ საერთო ნიადაგი და ენა გამოიძებნება, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ასეთ მორიგების, თუ მისთვის საკმაო საბუთი გვექნება. რუსეთში ლენინი შეურიგდა გუშინდელ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, როცა მათთან საერთო მიზანი და საერთო სამოქმედო ხაზი გამონახა.

ჩვენ ამ შემთხვევაში ასეთსავე პოზიციაზე ვდგევართ. თუ ბალშევიკები პრაქტიკულად ხელს აიღებენ სამოქალაქო ომზე ჩვენთან, თუ ისინი იცნობენ დემოკრატიულ რესპუბლიკას და მის მთავრობას, და მხოლოდ იდეური ბრძოლით და დემოკრატიული საშვალებით შეეცდებიან ხალხის უმრავლესობის მიმხრობას, ჩვენ მათ მხოლოდ იდეურ ბრძოლას გავუწევთ, იდეას ჩვენ ვებრძვით იდეით, იარაღს, იარაღით, ხოლო იარაღი შეიცავს ციხესაც, დატუსაღებასაც და სხ. ვიმეორებ, ჩვენთვის დაჭერა არ არის შედეგი შურისძიების, არამედ სამოქალაქო ომის, რომელსაც იგი აუცილებლად თან სდევს.

ან რა აზრი ექნება ამნისტიას, თუ ხვალ სამოქალაქო ომის დაწყებისათანავე ისევ უნდა იქვე გავაგზავნოთ, სადაც დღეს იმყოფებიან და შეიძლება თან სისხლის მორევიც დავუმატოთ ქუჩებში?

ს.-ფედერალისტები როცა ამნისტიას მოითხოვნდნენ, იმით ასაბუთებდნენ, რომ ეს პოლიტიკოსები ახლა ჩვენი რესპუბლიკის ერთგულნი გახდნენ და თავის ცოდვებს ინანიებენო.

ჩვენ უნდა აღვიაროთ, რომ ასეთი მონანიება არ მოგვისმენია. ჩვენთვის არც მომანიების მოსამენაა საჭირო, ვინც იდეურათ განშორდა ძველ გზას კომუნისტთა სამოქალაქო ომისას, იგი მართლაც შეიძება განთავისუფლდეს, თუ სხვა სისხლის დანაშაული არ მიუძღვის. ვინც იდეურათ მეტსა კომუნისტობს, იგი განთავისუფლდება, სამოქალაქო ომის ნაცვლათ დემოკრატიის მთლიანობის იდეას მიიღებს, ესე იგი პოლიტიკურ სფეროში გამონახავს ისეთ ენას, რომელიც გვაერთებს ჩვენ მთელი ქვეყნის დემოკრატიასთან.

რომანტიზმის დრო წავიდა. გრძნობათა თამაშით სახელმწიფო არ აშენდება. პოლიტიკურ ნაბიჯს ჩვენ პოლიტიკური არშინით ვზომავთ. არვის მოსყიდვას გულკეთილობით არ ვფიქრობთ. არც შეიძება ასეთი მოსყიდვა პოლიტიკური მოწინააღმდეგის. მხოლოდ ინტერესების და გზის ერთიანობას შეუძლია მორიგება, ხოლო მორიგებას შეიძლება მოყვეს ომის მეთოდების მოხსნა და მაშასადამე ციხიდანაც განთავისუფლება.

მსგავსი/Related

Back to top button