რესპუბლიკის ამბები

„შევარდენის“ საზოგადოება

აზ. „საქართველო“, 1919 წელი, 28 მარტი, N69.

კვირას, 23 მარტს მოხდა ტანსავარჯიშო საზოგადოება „შევარდენის“ წლიური კრება. წაიკითხეს მოხსენებები, რომლითაც გადაგვიშალეს „შევარდენის“ წარსული წლის მოღვაწეობა დღიდან მისი დაარსებისა (მარიამობის თვე 25 1918 წ.). შემდეგ ამისა საზოგადოების ახალი გამგეობა აირჩიეს. თავმჯდომარედ პოლკოვნიკი კაკაბაძე, ვარჯიშთავად (ან გიმნაზიარხი) კ. გ, ეგნატაშვილი. სამწუხაროდ კრებას 50 კაცამდე დაესწრო. სჩანს, ქართველი ახალგაზრდობა ჯერაც ვერ ჰგრძნობს, თუ რა მნიშვნელობა ექნება ჩვენ ხალხში ტანსვარჯიშობის ფართოდ გავრცელებას და იგი არც იცნობს იმ პირობებს, რომელშიც არის ახლად დაარსებული პირველი ქართული „შევარდენი“. შენობა და მოწყობილობა დიდებულია. თამამად შეგვიძლია ვსთქვათ, რომ იმ შენობის [მდებარეობდა დღევანდელი ნინოშვილის ქუჩაზე]  დარი არ მოიპოვება რუსეთში. სავარჯიშო დარბაზი გადმოღებულია პრაჰგაში (ჩეხეთში) საუკეთესო „სოკოლ“-ის დარბაზიდან; სავარჯიშო იარაღიც ჩეხიის საუკეთესო ფირმა „ვინდიშის“-აა, პრაჰგიდან ჩამოტანილი. შენობაზე შესანიშნავია ქართულ „შევარდენის“ მწვრთნელთა შემადგენლობა. ჩეხელ „შევარდენების“ რუსეთში მოღვაწეობამ ის შედეგი იქონია, რომ ტანსვარჯიშობაში, ჩეხელების შემდეგ, რუსეთში პირველი ადგილი კავკასიელებმა და მათ შორის ქართველებმა დაიჭირეს.

            ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ უწინ ჩვენ ხალხში ვარჯიშობა გავრცელებული იყო, და ამან, საუკუნოობით აღზარდა ჩვენში ვარჯიშობის უნარი და ნიჭი.

            ტანსვარჯიშში დაწინაურებულ ჩეხებს ბევრჯელ შეუმოწმებიათ, ჩვენი უნარი, მარტო რუსეთში კი არა, არამედ მთელ ევროპაში არის შესამჩნევი.

            პირველი ქართულ საზოგადოება „შევარდენში“ შევიდნენ“ მოსკოვის „სოკოლ“-ის ყოფილი ვარჯიშთავი (გიმნაზიარხი) გ. ბერელაშვილი; პსკოვის „სოკოლ“-ის ყოფილი ვარჯიშთავი ნანეიშვილი, იუზოეკის (დონეცის აუზი) „სოკოლ“-ის ყოფილი ვარჯიშთავი გ. ეგნატაშვილი, იმავე საზოგადოების ყოფილი წურთნელი დ. ჯავახიშვილი, პეტერბურგის  „სოკოლ“-ის ყოფილი წურთნელი ი. ბერიძე, იმავე საზოგადოების ყოფილი წურთნელი  ქალი თამარ ნიკოლაძე, იანაკიევის (დონეცის აუზი) „სოკოლ“-ის ყოფილი თავმჯდომარე და ვარჯიშთავის შემწე გ. ნიკოლაძე, ეგნატაშვილს რამოდენიმე გამოჩენილი ნაშეგირდალი და სხვა.

            გარდა ამისა, მოკლე ხანში უნდა ჩამოვიდე უფროსი ქართველი „შევარდენელი“, პეტერბურგის სკოლის ყოფილი ვარჯიშთავი ა. ჯაფარიძე. ვინც რუსეთის „შევარდენობას“  იცნობს, იმან კარგად იცის, თუ რამოდენად ცნობილი არიან მთელ ყოფილ რუსეთის „შევარდენთა“ კავშირში აქ მოხსენიებული პირნი, როგორც გამოცდილი მწვრთნელ მასწავლებელნი.

            ასეთია ჩვენი პირველი საზოგადოების „შევარდენის“ პირობები. ჩვენ ახალგაზრდობას მართებს და მისი მოვალეობაც არის, მიაქციოს ყურადღება, უხვად ჩაეწერონ საზოგადოებაში და მედგარი მონაწილეობით დაეხმარონ იმათ, ვინც სცდილობს, რათა ეს ევროპიდან გადმონატყორცნი ტანსვარჯიშობის ბრწყინვალე შუქი მთელ ჩვენს მხარეს მოედოს… აგრედვე მშობლებმაც უნდა შეიყვანონ თავისი შვილები „შევარდენის“ ბავშვთა განყოფილებაში და მათ ჯანმრთელობასთან ერთად, სამშობლოს სამაგალითო მხნეობის თაობა აღუზარდონ.

            „შევარდენში“ ტანსვარჯიშობა სწარმოებს ორშაბათობით და პარასკევობით საღამოს 7-9 საათამდე. მსურველს უფლება აქვს ვარჯიშის  სანახავად დაესწროს ვარჯიშობას. გახსნილია ბავშვთა (ბიჭების და გოგონების), ქალთა და ვაჟთა განყოფილებანი.

ქართველი შევარდენელი

მსგავსი/Related

Back to top button