ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჟენევაში უფრო მაღალი დონის მოლაპარაკებებს ითხოვს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, მრავალმხრივი ფორმატი, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩაეყარა, თავის თავდაპირველ მიზანს უნდა დაუბრუნდეს და რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ფორმატი გახდეს.

ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ზურაბიშვილმა პირველად 28 იანვარს, ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ გაახმოვანა. მან განაცხადა, რომ ეს ფორმატი – რომელიც ერთადერთია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირი მონაწილეობით – მნიშვნელოვანია და უნდა შენარჩუნდეს, თუმცა „უფრო პოლიტიკური, უფრო აქტიური, უფრო რეალურად ეფექტიანი“ უნდა გახდეს.

მომდევნო თვეებში ზურაბიშვილმა ეს საკითხი კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაზე დააყენა, სადაც ფორმატს „ზედმეტად ტექნიკური“ და „ზედმეტად ფორმალური“ უწოდა. მან იგივე პოზიცია პარლამენტში 6 მარტს პირველი ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გააჟღერა და „მაღალი დონის პოლიტიკური ფორმატის განახლების“ საჭიროებას გაუსვა ხაზი.

საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა 25 მარტს თბილისში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზეც დააყენა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი „უნდა გააქტიურდეს, მიიღოს პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვანაირად“.

„არ შეიძლება, რომ შეგუებულები ვიყოთ იმას, რომ მხოლოდ ტექნიკურ დონეზე წყდება ან არ წყდება ეს საკითხი, იმიტომ, რომ რეალურად პროგრესი, რომ გადაწყდეს მშვიდობიანად, არ იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ყოველდღიურად არ შეახსენებენ რუსეთს, რომ მან უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავდაპირველი პროცედურული ფორმატი მხარეებს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა 2008 წლის ოქტომბერში შესთავაზა. ის „პლენარულ“ სხდომებში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ან შესაბამის დონეზე სამი დელეგაციის – საქართველოს, აშშ-ის და რუსეთის – მონაწილეობას ითვალისწინებდა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, რუსეთი მასში სოხუმის და ცხინვალის ჩართვას დაჟინებით ითხოვდა, რამაც ამ ფორმატის განხორციელება შეუძლებელი გახადა.

მოგვიანებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ორ, „გაფართოებული ფორმატის“ სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდა, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button