Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს მასშტაბით სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

საქართველოს სრული მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ასობით სოციალური მუშაკი გაიფიცა. დღეს მათ სამუშაო პირობებისა და ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მოთხოვნით, რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები გამართეს.

გაფიცვის შესახებ სოციალურმა მუშაკებმა რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ განაცხადეს, რაც მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინიტროსთან თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 21 მარტს ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ დღევანდელი გაფიცვა დააანონსეს და აღნიშნულის შესახებ უწყებას ოფიციალურად, წერილობით აცნობეს.

სოციალური მუშაკები უკვე თვეზე მეტია, რაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და პერმანენტულ აქციებს მართავენ. მათ სამინისტროს 22 პუნქტიანი მოთხოვნითაც მიმართეს, თუმცა, როგორც ისინი განმარტავენ, უწყება მხოლოდ ერთი პუნქტის დაკმაყოფილებას დასთანხმდა, ისიც ნაწილობრივ.

ქუთაისის, ბათუმის, თელავისა და გორის პარალელურად, დღეს სოციალური მუშაკების ნაწილი თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბა და საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანა. სოციალური მუშაკების განმარტებით, მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი არა მათ პირად კომფორტს, არამედ საზოგადოების კეთილდღეობას და ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესებას ეხება.

„ვინაიდან ჩვენი დამსაქმებელი ჩვენს პრობლემებს ამ დროის განმავლობაში არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ დავიწყოთ გაფიცვა. ყველა სოციალური მუშაკი საქართველოს მასშტაბით იდგება ამ გაფიცვაზე, მანამ სანამ სამინისტრო არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ჩვენი ბენეფიციარების დასაცავად და ჩვენი პროფესიის დასაცავად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

სამინისტროსთვის წაყენებული 22 მოთხოვნიდან რამდენიმეს დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოციალური მუშაკები მზად არიან, რომ სამუშაოს დაუბრუნდნენ. მათ შორის არის ყველა სერვის-ცენტრის ტრანსპორტით, ფსიქოლოგითა და იურისტით უზრუნველყოფა, ასევე მათი ხელფასების სხვა უწყების სოციალური მუშაკების ხელფასებთან გათანაბრება და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდა.

სოციალური მუშაკების გაფიცვას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მუშაკების გაფიცვა სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებს პრობლემას არ შეუქმნის. „ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება“.

რაც შეეხება გაფიცულ თანამშრომლებს მინისტრის თქმით, უწყებამ მათ პრობლემების მოგვარების რეალური სამოქმედო გეგმა შესთავაზა. „ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მათი არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ“, – დასძინა მან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ბენეფიციარებს სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 სერვის-ცენტრი და 217 სოციალური მუშაკი ემსახურება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button