ახალი ამბები

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერად იყრის კენჭს

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება.

რულოვსის კანდიდატურა 12 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „გენერალური რეპეტიცია“ იქნება. „ზუგდიდი იქნება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი – კანდიდატი, რომელიც ზუგდიდსაც და სამეგრელოსაც უყვარს“, – განაცხადა მან.

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს, მთაწმინდის შუალედური არჩევნების პარალელურად გაიმართება. მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია, რომელიც ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა, კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

თავის გამოსვლაში სანდრა რულოვსმა მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნა გამოხატა. „როგორც არასდროს ვარ მონდომებული მოვიპოვოთ ზუგდიდის მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ ხალხზე ახლა უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა და იქნება ერთი ასეთი პატიოსანი კუნძული მთელ საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ“, – განაცხადა მან.

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით, ადრე ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და ამ პოსტზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. მან პირველ ტურში ხმების 45.71 % მოიპობა, თუმცა, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელ ლიდერებთან უთანხმოების გამო, ის მეორე ტურს გამოეთიშა. რულოვსი პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით მაინც შევიდა, მაგრამ მალევე საკუთარ მანდატზე უარი ისე განაცხადა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები არ დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button