ახალი ამბები

ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

ქვეყენაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით, 22 მარტს, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს.

გაუარესებულ კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერს, ინტერპელაციის წესით, კითხვით პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა და მისგან შესაბამისი ახსნა განმარტება მოითხოვა.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით, შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. ეს ახალი რეგლამენტის ფარგლებში ინტერპელაციის პირველი პრეცედენტი იყო.

ინტერპელაციის წესის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრამდე ტრიბუნასთან შეკითხვის ავტორი პარტიის წარმომადგენელი რომან გოცირიძე გამოვიდა და დეპუტატებს პრემიერისადმი დასმული კითხვის შინაარსი გააცნო. მისი განმარტებით, „ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული“ და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფეროა, როდესაც „კრიმინალმა აიშვა“ და „გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება“.

მისივე შეფასებით, გაჩნდნენ ე.წ. „საკუთარი დამნაშავეები“, რომლებიც ხელისულების მხრიდან მხარდაჭერით სარგებლობენ, „იმის გამო რომ ისინი სჭირდებათ სხვადასხვა, მათ შორის, საარჩევნო მიზნით გამოყენებისათვის“.

„კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში… კრიმინალური გარჩევების თანამონაწილე არის თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები და სადღაც სარდაფებში აწყობენ კრიმინალურ გარჩევებს და იბარებენ ბიზნესმენებსა და ყოფილ მინისტრებსაც კი“,  – განაცხადა დეპუტატმა.

ამის შემდეგ, ტრიბუნა პრემიერ-მინისტრს დაეთმო. მამუკა ბახტაძემ თავის 13 წუთიან გამოსვლაში დანაშაულის მაჩვენებლების ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ოპონენტების მთავარი მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა, თითქოს „ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ ყველაფერი არის ძალიან ცუდად“.

ბახტაძის განცხადებით, მტკიცება, რომ კრიმინალის თვალსაზრისით, ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ და ის უფრო გამჭვირვალე და ზუსტი გახდა და საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდა.

„სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა ის, რომ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა 54 %-ით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტესთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ „მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ან უცვლელია ან შემცირებული, ხოლო მატება, ძირითადად, სწორედ ისეთ დანაშაულებებეზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად ან გავაუმჯობესეთ აღრიცხვიანობა“.

„რეგისტრირებული დანაშაულის 62 % მოდის სწორედ იმ დანაშაულებებზე, რომელთა რეგისტრაციაც ადრე ნაკლებად ხდებოდა და დღეს სრულფასოვნად რეგისტრირდება. ლოგიკურია, რომ სწორედ ამიტომაც გაიზარდა მუქარის, ნივთის დაზიანების, თვითმკვლელობამდე მიყვანის მაჩვენებლები, მაგალითად, ადევნების მაჩვენებლები გაზრდილია რამდენჯერმე, რომელიც ადრე საერთოდ არ რეგისტრირდებოდა“,  – განმარტა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოების ნაწილი კვლავ ლოიალურად არის განწყობილი კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, რაც „სერიოზული პრობლემა“. „თუმცა, მეორეს მხრივ, თითოეულმა ჩვენთაგანმა იწვნია, თუ რა შედეგამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების ე.წ. ნულოვანი „ტოლერანტობის პოლიტიკამ – ყველანი ციხეში“,  – დასძინა პრემიერმა.

ბახტაძის განმარტებით, დღეს ხელისუფლება კრიმინალს კანონით დაგეგმილ პოლიტიკას უპირისპირებს, რადგან „დემოკრატიულ ქვეყნებში დანაშაულთან ბრძოლა არ ხდება ადამიანის უფლებების ხარჯზე და ეს არასდროს მოხდება საქართველოში“.

„ჩვენ ვაგრძელებთ დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სტუმრის უსაფრთხოება. ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრესული და შეუქცევადი რეფორმების გატარებას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამის შემდეგ პრემიერს კითხვებით დეპუტატებმა მიმართეს. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს კითხვები ხორავას ქუჩის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის, TBC ბანკისა და ია კერზაიას საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი ოპონენტებს, ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლამდე არსებული ვითარება და დანაშაულის ამსახველი მაშინდელი სტატისტიკა შეახსენეს.

დეპუტატების გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლა და განმარტა, რომ ოპონენტების მხრიდან არგუმენტირებული კრიტიკის ნაცვლად, „პოლიტიკურ პერფორმანსს“ ჰქონდა ადგილი. მანვე განმარტა, რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი არა მომავალზე, არამედ წარსულზე იყოს ორიენტირებული.

მანვე სამართალდამცველი სტრუქტურის წარმომადგენლებს „მუხლჩაუხრელი შრომისა“ და კრიმინალთან „შეუპოვარი ბრძოლისთვის“ მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობა 58 412 იყო, რაც 2017 წელთან შედარებით,  54 %-ით მეტია (37 944). დანაშაულის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 223.7 % ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ფიქსირდება, მას 150 %-ით კომპიუტერული დანაშაული, 112 %-ით კი, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოსდევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button