რესპუბლიკა 100

სახელმწიფო და ეკლესია: საეკლესიო კრებული

რუსეთის იმპერიაში, რომელსაც საქართველო საუკუნეზე მეტ ხანს ჰქონდა დაპყრობილი, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის არავითარი ტრადიცია არ არსებობდა, პირიქით, ეკლესია ითავსებდა ადმინისტრაციული საქმიანობის ნაწილს (რეგისტრაციებს). 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიწყო რეფორმა და სამოქალაქო საკითხების თვითმმართველობებისათვის გადაცემა, თუმცა 1920 წლისთვის ეს პროცესი სრულად დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო. მკაფიო გამმიჯნავი ხაზები საკანონმდებლო დონეზე იყო განსასაზღვრი. ეს გამმიჯნავი ხაზები პირველ ქართულ კონსტიტუციაში საბოლოოდ აისახა, თუმცა მას წინ უძღოდა დებატები სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთმიმართების საკითხებზე. გთავაზობთ ამ თემაზე დაწერილ მთავარ სტატიას გაზეთ „ერთობას“ 1920 წლის 149-ე ნომრიდან.

„ერთობა“, 4 ივლისი, 1920, N149

თფილისში ამ დღეებში შეიკრიბა საქართველოს სამღვდელოების ადგილობრივი კრება. მისი შეკრება სწორეთ დროზე მოხდა, რადგან ახლო მომავალში დამფუძნებელი კრება შეუდგება კონსტიტუციის განხილვას და, როგორც ვიცით, ამ კონსტიტუციაში ერთი თავი (მე-16) დაეთმობა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას.

            ის პროექტი, რომელიც შეადგინა დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ, გულისხმობს, რომ სარწმუნოება იქნება ყოველი მოქალაქის სრულიად კერძო საქმე და სახელმწიფო ამ საქმეში არავითარი ფორმით არ ჩაერევა; ეკლესია განცალკევებული უნდა იყოს სახელმწიფოსგან: „არ შეიძლება იქნეს გამოცემული ისეთი კანონი, რომელიც აღიარებს ან უარყოფს რომელსამე სარწმუნოებრივს ორგანიზაციას, (მუხლი 160), კონსტიტუციის პროექტის შემდეგი მუხლები (161-162) აღიარებენ , რომ არც ერთს სარწმუნოებას არ აქვს საქართველოში უპირატესობა და არც ერთ სარწმუნოებაზე სახელმწიფო არ დახარჯავს არავითარს თანხებს.

            ეს მუხლები მკაფიოდ აღნიშნავენ იმ ადგილს, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფო აძლევს სარწმუნოებას: სარწმუნოება მოქალაქის კერძო საქმეა და ეკლესია სრულიად კერძო ორგანიზაციად არის ცნობილი, როგორც ყოველი თავისუფალი საზოგადოებრივი კავშირი.  აქამდის სახელმწიფო არჩევდა ერთს სარწმუნოებას მეორისაგან, ერთ ეკლესიას იგი სასარგებლოს სთვლიდა და ეყრდნობოდა მას, მეორეს იგი სთვლიდა მავნებლად და სდევნიდა მას. პრივილეგიურ ეკლესიას სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჰქონდა დიდი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სახელმწიფოებრივი ფუნქციები, როგორიც არის მაგალითად, ახლად დაბადებულთა რეგისტრაცია, ქორწინების აქტები, გარდაცვალებულთა რეგისტრაცია და სხვა. ამიერიდან ყველა ეს საქმეები ჩამოერთვას ეკლესიას და მათს გაძღოლას სახელმწიფო დააკისრებს სამოქალაქო დაწესებულებებს.

            მთელი ამ რეფორმის გატარება ძლიერ რთული და ძნელი საქმეა. ამ რეფორმის გატარების დროს სახელმწიფოს დასჭირდება პირდაპირი ურთიერთობა საეკლესიო ორგანიზაციასთან, რომელიც ძველი წესიერების დროს სახელმწიფოს მიერ „თავისთავად“ იყო ცნობილი –  მართმადიდებელ ეკლესიურ ორგანიზაციასთან. მაშასადამე  ჩვენ არ შეიძლება ყურადღება არ მივაპყრათ იმ საეკლესიო კრებულს, რომელიც დღეს თბილისშია შეკრებილი. განზრახულ საეკლესიო რეფორმის გატარებისათვის ჩვენ წინდაწინ უნდა ველოდეთ, რა პოზიციას დაიჭერს ამ რეფორმისადმი თვით ეკლესია: მტრულად დახვდება მას და ყოველს დაბრკოლებას გასწევს მის გატარებაში, თუ ლოიალურ მოქალაქეთა გზას დაადგება, წინ არ აღუდგება იმ ზომებს, რომლებსაც სახელმწიფო თავისთვის აუცილებლად სთვლის. რაც უფრო ლოიალური იქნება ეკლესიის პოზიცია, რაც უფრო მეტად იქნება ჩვენი სამღვდელოება გამსჭვალული მოქალაქეობრივი მოვალეობით, მით უფრო ადვილად და უმტკივნეულოდ გატარდება რეფორმა, მით უფრო ნაკლები იქნება ის ენერგია, რომელიც ჩვენს რესპუბლიკას დასჭირდება იმ საქმეების მოსაწყობათ, რომელიც აქამდის სარწმუნოებრივ ორგანიზაციას ჰქონდა დაკისრებული. ეკლესიის განცალკევება სახელმწიფოსგან დემოკრატიისთვის გარდაუალ, აუცილებელი რეფორმაა. მაგრამ იგი არ წარმოადგენს რაღაცა საშინელს ზომას. მხოლოდ ჩამორჩენილს და ბნელს სამღვდელოებას თუ მოეჩვენება ეს ზომა სარწმუნოების დევნათ და ძალდატანებათ, ნამდვილათ კი  ეს არის ზომა, რომელიც მიმართულია სარწმუნოებრივი დევნის და ძალდატანების მოსპობისკენ. ისტორიამ იცის ისეთი მაგალითები, როდესაც შეგნებულს სამღვდელოებას თვითონ აუღია თავის თავზე თაოსნობა ეკლესიის სახელმწიფოსგან განცალკევების საქმეში. ასე მოხდა მაგალითად ჩრდილო ამერიკის შტატებში.

და ჩვენთვის ძლიერ საყურადღებოა რა გზას აირჩევს ამ საქმეში საეკლესიო კრებული.

მსგავსი/Related

Back to top button