ახალი ამბები

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნების დღეს 43 868 ამომრჩევლისთვის ჯამში 31 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული კვოტით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. პარლამენტის 150 დეპუტატიდან 77 პროპორციული წესით აირჩევა. პოლიტიკურმა პარტიამ ან ბლოკმა არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

დანარჩენი 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესით ირჩევა. კონკრეტულ ოლქში წარმოდგენილი კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება თუ ის ხმების საერთო რაოდენობის 50 %-ზე მეტს მოაგროვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე შერეული სისტემით ჩატარდება. ქვეყანა არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მერის არჩევნებიც 19 მაისს გაიმართება. გარდა ამისა, 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებიც უნდა ჩატარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button