ახალი ამბები

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს სტუმრობს

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხილვის მიზნით, თბილისს სტუმრობს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც უკვე ხუთი წელი შეუსრულდა, „წარმატებულია“, თუმცა „უკეთ მუშაობაც შეუძლია“. „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხორციელდება, ის მუშაობს, თუმცა მუდმივი მზრუნველობა ესაჭიროება“, – განაცხადა მან.

მანვე განმარტა, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ხელმძღვანელობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმის განხილვაა, თუ „კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კომპანიებმა მეტი იცოდნენ შეთანხმების სარგებლის შესახებ და გრძნობდნენ, რომ მათ აქვთ სითამამე, ძალა და ცოდნა იმისათვის, რომ ევროკავშირის დიდ ბაზარზე სცადონ შესვლა“.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები „ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა“ და რომ ევროკავშირის საქართველოს „მთავარი სავაჭრო პარტნიორია“.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 730.3 მლნ აშშ დოლარი (655.1 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 მილიარდი 2017 წელს) იყო.

მანამდე, ევროკომისარი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მასთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის „მჭიდრო კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე“ იმსჯელა, ასევე განიხილა, თუ როგორ შეძლებენ ქართული კომპანიები „უკეთ გამოიყენონ ჩვენი სავაჭრო შეთანხმება ევროპაში ექსპორტის მიზნით“.

ვიზიტის ფარგლებში, სესილია მალმსტრომი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გარდა ამისა, ის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესფორუმშიც მონაწილეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button