ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც 13-15 მარტს სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა, იაპონიის საგარეო და ფინანსთა მინისტრებთან ტარო კონოსთან და ტარო ასოსთან შეხვედრები გამართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

13 მარტს, მინისტრ კონოსთან შეხვედრის შემდეგ, ბახტაძე მიესალმა იაპონიასთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ ხალხთა შორის ურთიერთობები, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად კარგი წინაპირობა იქნება.

„ვისურვებდით, მეტი იაპონელი მეგობარი გვეხილა საქართველოში და მეტი ბიზნესკავშირები დამყარებულიყო ორ ერს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

15 მარტს პრემიერმა მსგავსი საკითხები იაპონიის ფინანსთა მინისტრთანაც განიხილა, რომელიც ქვეყნის ვიცე-პრემიერიცაა.

იაპონია-საქართველოს ერთობლივ ბიზნესფორუმზე, რომელიც 15 მარტს ჩატარდა, ბახტაძემ ყურადღება კვლავ პოლიტიკურ და ხალხთა შორის არსებულ „შესანიშნავ“ ურთიერთობებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დროა, ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებშიც გადაიზარდოს.

ფორუმზე ბაზტაძემ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნესცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი“ და დასძინა, რომ მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მას საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა აქვს. „ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა – ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა – სტრატეგიული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ბახტაძემ შეხვედრები გამართა იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში (JETRO), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიაში (NEXI).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button