ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სუსი ხურვალეთში დამატებითი ტერიტორიის მიტაცების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში დამატებითი ტერიტორია მიიტაცეს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადგილობრივმა მკვიდრმა, ლუდა სალიამ Facebook-ზე დაწერა, რომ „ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს“. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა და ნაციონალურმა მედიამ მაშინვე აიტაცა.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და რომ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. „ხდება ყველა მექანიზმის, მათ შორის, ცხელი ხაზის გამოყენება კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად“, – წერს ჰოგი.

ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც უარყო.  უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე რუსების ყოფნა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დასტურდება.

სუსი ყველა აქტორს მოუწოდებს, რომ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. უწყების განმარტებით, საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება არსებულ უსაფრთხოების გარემოს აუარესებს.

ცხვინვალმა დიდი ხურვალეთის მიდამოებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ 13 მარტს განაცხადა და ამის მოტივად მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის დავით ქაცარავას მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია დაასახელა (რედაქტორის შენიშვნა: გავრცელებული ინფორმაციით, ქაცარავა და მისი თანამოაზრენი აპირებდნენ, რომ ორ ადგილობრივ მოსახლეს მიწის დამუშავებაში დახმარებოდნენ).

ცხინვალის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ ამ „პროვოკაციის“ მიზანი სიტუაციის დესტაბილიზაცია და მათი დაკავებისთვის „წინაპირობების შექმნა“ იყო. „გვინდა ვაცნობოთ მონაწილეებს, რომ თუ ისინი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვარს დაარღვევენ, მათ სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად დააპატიმრებენ“, – განაცხადა ცხინვალის „უშიშროების სამსახურმა“.

ხურვალეთი გორის მუნიციპალიტეტში მდებარე შერეული ქართულ-ოსური სოფელია, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას სამი მხრიდან ესაზღვრება. ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესმა სოფელი განსაკუთრებით დააზარალა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის ომის შემდეგ, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საძოვრების დაალოხლობით 36 ჰექტარი, ასევე სოფლის სასაფლაო და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button