Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 14 მარტს თავისი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის პერიოდს მოიცავს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ალიანსის რეაგირებას, ასევე რეფორმების მიმართ გენერალური მდივნის ხედვას ასახავს.

ანგარიშის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება, სადაც ქვეყანა „ალიანსის მნიშვნელოვან პატრნიორადაა“ მოხსენიებული.

„საქართველო ნატოს წევრობისკენ ისწრაფვის და მოკავშირეებმა არაერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება საქართველოს საბოლოო წევრობის მიმართ. საქართველო ნატოს ოპერაციებსა და მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ნატო-საქართველოს არსებით პაკეტსაც ეხება და აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ამ მექანიზმის მიზანი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს საბოლოო წევრობისთვის მომზადებაში ქვეყნის დახმარებაა.

ანგარიშის თანახმად, არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან ექვსი დასახულ მიზნებს 2019 წელს მიაღწევს.

„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროებში, გამჭირვალე  შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში, კიბერთავდაცვის და ლოჯისტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების მხარდაჭერაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

სხვა ინიციატივები, როგორიცაა წვრთნისა და შეფასების ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, უამრავ მოსამზადებელ ღონისძიებებს სთავაზობს სამხედროებს და სამოქალაქო სტუდენტებს, ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, ნატოს მოკავშირეებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ გააფართოვონ საქართველოს მხარდაჭერა მათ შორის კონტრმობილობის, წვრთნების, სწავლებების და უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროებში.

პრესკონფერენცია

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან ღირებული პარტნიორია“ და რომ ნატო მიესალმება იმ რეფორმებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებაა, ასევე ქვეყნის წვლილს ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს „კვლავ დარჩა სამუშაო, როდესაც საქმე რეფორმებს, კანონის უზენაესობას და თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზაციას ეხება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button