ახალი ამბები

საქართველოს და ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს თავის ვანუატუელ კოლეგას რალფ რეგენვანუს შეხვდა, რომელიც 14-15 მარტს ოფიციალური ვიზიტით თბილისში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, რა დროსაც მინისტრმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ თბილისი „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს ვანუატუსთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

„საქართველოს მთავრობა ვანუატუს განიხილავს როგორც უაღრესად მნიშვნელოვან ქვეყნას სამხრეთ წყნარი ოკეანის რეგიონში. შესაბამისად, მივიჩნევთ, ჩვენს ქვეყნებს აქვთ კარგი შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოლეგას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების, ასევე იქ რუსეთის „უკანონო ქმედებების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მანვე რეგენვანუს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის „მტკიცე მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მადლიერები ვართ, რომ ვანუატუს რესპუბლიკა ურყევად ატარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული დაცვით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგენვანუმ დაადასტურა ვანუატუს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაინტერესება გამოთქვა საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

დღესვე რალფ რეგენვანუ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა, მოგვიანებით კი ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზს ეწვევა.

ვანუატუმ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2011 წლის მაისში აღიარა, მაგრამ 2011 წლის ივნისში მთავრობის შეცვლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება უკან წაიღო. თუმცა, 2012 წლის აპრილში რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, სადაც ის ქვეყნები იყო ჩამოთვლილი, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ვანუატუც იყო დასახელებული.

2013 წლის მარტში, ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება უარყო. საქართველოსა და ვანუატუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2013 წლის ივლისში დამყარდა.

დღემდე, რუსეთთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა ნიკარაგუას, ნაურუს, ვენესუელას და სირიას აქვთ აღიარებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button