Placeholder canvas
ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში აფასებენ

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშს საქართველოში სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის შეფასებები მოჰყვა. Civil.ge ამ შეფასებებს გთავაზობთ.

ხელისუფლება და ოპოზიცია

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქს ჩვენ შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია“.

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ამ ანგარიშის თანახმად აღმოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, რეალურად ჩვენს ქვეყანას არ აქვს დაცული, არც უსაფრთხო არც არანაირი ევროატლანტიკური მომავალი“.

გიორგი კანდელაკიევროპული საქართველო: „საკმარისია ანგარიშის ტექსტს თვალი გადავავლოთ, ვნახავთ, რომ ეს არის კრიტიკული ანგარიში. გამეორებულია ეუთოს დასკვნა არჩევნებზე, რომ ეს იყო ძალიან ცუდი არჩევნები. საუბარია კორუფციაზე, საუბარია დაუსჯელობაზე… საუბარი არის იმაზე, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ არიან დამოუკიდებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან პოლიტიკური იარაღი ამ მთავრობის ხელში“.

სასამართლო სისტემის წარმომადგენლები

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: „პირდაპირ არის დასკვნაში მითითებული ის წყარო, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს და ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგებია უკვე, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთსა და იმავე პრეტენზიებს… მნიშვნელოვანია რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია“.

სერგო მეთოფიშვილი მოსამართლე: „ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამჭირვალობის ანგარიშებს და სხვა პოლიტიზებულ ენჯოებს… გიგაური [საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი] პრაქტიკულად ავრცელებს ჭორებს. ეს არის, ასე ვთქვათ, ფანტაზიები და მისი ჭორები… ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს, ხელოვნურად, იმიტომ რომ პოლიტიზებულია, უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. თავად აცხადებენ, რომ ამ კვლევებს ვეყრდნობითო. ეს არის ჭორების შეგროვება, ამას კვლევა არ ჰქვია. ეს არის „ფეიკნიუსები“, ეს არის „ფეიქანგარიშები“ რასაც გიგაური და სალაძე [საიას თავმჯდომარე] აქვეყნებენ“.

ნაზი ჯანეზაშვილიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი: „ანგარიშში პირდაპირ არის საუბარი კლანზე და ბუნებრივია ეს ხელისუფლებისთვის უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რომ მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოში და სასამართლო სისტემაში შეზღუდავს კლანის არსებობას“.

არასამთავრობო სექტორი

მიხეილ ბენიძესამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი: „ის რა ტონითაც და რა კონტექსტშიც ეს წერია ამ ანგარიშში მიიჩნევა და ცალსახად წარმოაჩენს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ პოზიციას სამოქალაქო სექტორზე განხორციელებულ იერიშებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს არის ერთგვარი გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და კონკრეტული პირებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დღესაც ეს რიტორიკა გრძელდება”.

ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭირვალობასაქართველოს“ (TI) ხელმძღვანელი: „ცხადია, რომ დასკვნა არის კრიტიკული, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ასეთი კრიტიკული ანგარიშები საქართველოზე აღარ დაიწეროს. მე ვფიქრობ, რომ ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ ეს პრობლემები ასე აღარ წარმოჩინდეს მომავალში, იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ასეთი ანგარიშები, არის ხოლმე საფუძველი იმის, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მოინდომოს იმისთვის, რომ ნაკლები კრიტიკა გამოჩნდეს ამ ანგარიშებში“.

სულხან სალაძეახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელი: „როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ სამოქალაქო სექტორი დაკავშირებულია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და მას აქვს პოლიტიკური მოტივაცია, აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვერ ისაუბრებს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილი პრობლემებისა და გამოწვევების ნახვის შემდეგ იმავეზე. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა დასახოს კონკრეტული გეგმა როგორ და რა ფორმით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. როდესაც წლებია ვსაუბრობთ სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, როდესაც წლებია ვსაუბრობთ მედიის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე… [ასევე] არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ყველამ ვნახეთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე – ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაზეც ჩვენ მუდმივად გვიწევდა საუბარი, ხელისუფლებასთან მედიის საშუალებით. თუმცა, ხელისუფლება ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი  და არა   რეალურ პრობლემებზე საუბარი“.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button