Placeholder canvas
ახალი ამბები

პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შემუშავებული საგრანტო პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდა. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამაში ჩართვა და გრანტის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა იმ სრულწლოვან ფიზიკურ პირს და მეწარმე სუბიექტს შეეძლება, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებზე 7 000, 15 000, 20 000 და 35 000 ლარამდე ოდენობის გრანტები გაიცემა. კერძოდ:

  • 7 000 ლარამდე ოდენობის გრანტის მიღებას ის პირი შეძლებს, რომელიც ცხოვრობს /საქმიანობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • 15 000 ლარამდე გრანტი ორი ბენეფიციარისგან შემდგარ ჯგუფზე გაიცემა, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს/საქმიანოდეს;
  • 20 000 ლარამდე გრანტს სამი ბენეფიციარისგან შემდგარი ჯგუფი მიიღებს, რომელთაგან მინიმუმ ერთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს;
  • 35 000 ლარამდე გრანტის მიღებას კი ოთხი ან მეტი პირისგან შემდგარ ბენეფიციართა ჯგუფი შეძლებს, რომელთაგან მინიმუმ ერთი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს/საქმიანობდეს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა 12 მარტიდან ორი თვის განმავლობაში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს ვებგვერდზე ატვირთული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ და ბიზნესგეგმა წარადგინონ. წარდგენილი განცხადებების განხილვის შემდეგ, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სიიდან გამარჯვებულებს სპეციალური კომისია გამოავლენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button