Placeholder canvas
ახალი ამბები

ახალი კონფიგურაცია პარლამენტში

საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი გამოაკლდა. უმრავლესობის დატოვების შესახებ მისი განცხადება პარლამენტის ბიურომ დღეს განიხილა და ცნობად მიიღო. მან უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატებიც“ დატოვა.

მანამდე ფრაქცია ბექა ნაცვლიშვილმა,  გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა დატოვეს, რის გამოც 7-კაციანი ფრაქცია დაიშალა. გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდნენ. ამით პატრიოტთა ალიანსმა ფრაქცია შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ  დღეს მას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოფიციალურად გამოაკლდა.

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებში“ დანარჩენი სამი წევრიდან ორი – სულხან მახათაძე და  რომან მუჩიაშვილი ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდნენ.  უმრავლესობის შემადგენლობაში დარჩა დეპუტატი რუსლან პოღოსიანიც.

უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველებიდან“  ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმაც. ფრაქცია „ქართულ ოცნება – მრეწველებს“ კი ფრაქცია „ქართული ოცნება  – ძლიერი ეკონომიკის“ წევრი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე შეუერთდა.

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე ოცნების დეპუტატებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა. პირველად გუნდიდან წასვლის შესახებ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს. მალევე მათ, ბექა ნაცვლიშვილ, ზვიად კვაჭანტირაძე და სხვა დეპუტატები შეუერთდნენ. ამ მომენტისთვის ქართულ ოცნება პარლამენტში 107 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის რიგებში დაწყებული გადაადგილებების გამო, ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსი დაკარგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button