ახალი ამბები

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მთავარი აქცენტები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს პარლამენტში პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. დაახლოებით 40 წუთიანი გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და სასამართლო სისტემაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის გამოსვლას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ დასწრებიან. ამის შესახებ მათ გუშინვე განაცხადეს. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილი „არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი“ და მას „ლეგიტიმური მანდატი“ არ გააჩნია, რის გამოც ისინი სხდომაზე დასწრებას არ აპირებდნენ.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე, სხდომათა დარბაზში განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ ისინი „პოლიტიკური ბოიკოტის“ უფლებას იყენებენ და პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან, რის შემდეგაც მათ დარბაზი დატოვეს.

ოპოზიციური პარტიების ეს ნაბიჯი პრეზიდენტის ინსტიტუტის „უპატივცემულობად“ შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის ბოიკოტის შეფასებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმაც და აღნიშნა, რომ ეს არა მისი პირადი, არამედ „პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა“ იყო. ამის შემდეგ, მან თავისი სიტყვა უცხოეთში ვიზიტების მიმოხილვით და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრით დაიწყო.

ვიზიტები და საგარეო კურსი

პრეზიდენტის თქმით, უცხოეთში ვიზიტების დროს, უფრო კარგად ჩანს, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ ქვეყანას დღეს, როგორც „სანდო და საიმედო პარტნიორს“.

„დღეს საქართველოსთვის, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. ევროპის სამომავლო სახე დღეს იკვეთება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტის ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის საგანგებო მიმართვა „ყველასათვის ღია ევროპა“ დაასახელა.

ზურაბიშვილის თქმით, ეს გზავნილი „გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ „სხვადასხვა სიჩქარით წინ მიმავალ ევროპაში“.

პრეზიდენტმა „პოზიტიურ განწყობად“ შეაფასა ევროპის პარტნიორების მიერ საქართველოში დაგეგმილი მაღალი რანგის კონფერენციებში მონაწილეობა და ასევე შავი ზღვისა და კავკასიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნის მიმართ ევროპის გაზრდილი ინტერესი.

ზურაბიშვილმა მოხსენებაში ყურადღება ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც გაამახვილა. ამ კონტექსტში მან ნატოს შტაბ-ბინაში გამართული მაღალი დონის შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნატოს საქართველოს მიმართ დამოკიდებულება „უაღრესად დადებითია“. მისი თქმით, ეს წელს დაგეგმილ მთელ რიგ ღონისძიებებში – ნატოს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობასა და მასშტაბური წვრთნების ჩატარებაშიც გამოიხატება.

პრეზიდეტმა ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა „არავის წინააღმდეგ არის მიმართული“ და „არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს“.

„სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისათვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს – ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას – ვერ გამოიღებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთი და ოკუპაცია

ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო და განაცხადა, რომ „არ ვეგუებით და არც შევეგუებით“ ტერიტორიების ოკუპაციას, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რაც მისი თქმით, „ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის“ ნაწილია.

პრეზიდენტის მოსაზრებით ქართული მხარე არც იმას ეგუება, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ფორმატები მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად მან მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პარტნიორ ქვეყნებთან საუბარი მიმდინარეობს.

მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება

პრეზიდენტმა ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ პოლიტიკურ მოვლენასთან მიმართებით საკუთარი პოზიციის გამოხატვა პრეზიდენტის ვალდებულება არ არის და ეს „არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას“. „პრეზიდენტი არის სახელმწიფო მოღვაწე და არა პარტიული ფიგურა. მის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს „ახალი, საპარლამენტო სისტემის ბუნებრივი ნაწილია“. მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარება „არც უნდა გვიკვირდეს და არც უნდა იყოს აღქმული დესტრუქციულ ან საფრთხის შემცველ ფაქტორად, თუკი იგი არ ემუქრება ქვეყნის სტაბილურობასა და მის მთავარ კურსს“.

ცილისწამება და დეზინფორმაცია

სალომე ზურაბიშვილმა მოხსენებაში ცილისწამების, დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის კუთხით არსებული პრობლემის მოგვარების აუცილებლობის საკითხზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში „პოლარიზაციამ“ უკიდურესი ხასიათი მიიღო და ეს უნდა დასრულდეს.

„როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიზნით გაჟღერებული მისი ინიციატივა „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არ არის მიმართული, როგორი შეფასებაც მას მოჰყვა, არამედ ის საზოგადოების ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციისგან დაცვას ითვალისწინებს.

შეწყალების კომისია და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

პარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან არსებული შეწყალების კომისიის საკითხზეც ისაუბრა და ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომლის მიხედვითაც შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში უნდა გადავიდეს, თუმცა შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის პრეროგატივად დარჩება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში იქნება, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თემაზე დაწყებული დისკუსიის საფუძველზე, პოზიციების შეჯერება მოხდა და საბჭოს მუშაობის შესახებ პრეზიდენტს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და მათი შერჩევის კრიტერიუმები

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხში „მამოძრავებელი“ პრინციპია ნდობის გამყარება და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლეების განწესებისათვის კრიტერიუმებზე მუშაობის დროს, პარლამენტი მხოლოდ „ამ საზომით იმსჯელებს“.

მისივე თქმით, მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება „მიუღებელია“, რადგან ეს მისი მხრიდან სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში ჩარევად აღიქმება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button