Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა გამართეს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭომ 5 მარტს ბრიუსელში მეხუთე სხდომა გამართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში გასული წლიდან მიღწეული პროგრესი შეფასდა.

საბჭოს, რომელიც ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირისა და საქართველოს მიერ პრესისთვის გავრცელებული განცხადების თანახმად, ასოცირების საბჭომ „ცნობად მიიღო“ საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დონე დადებითად შეაფასა.

„ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება დახმარება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვეს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

ევროკავშირმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაც აღნიშნა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, როლის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები „სტაბილურად იზრდება“ და რომ ქართული ბიზნესკომპანიები დიდ სარგებელს იღებენ იმ შესაძლებლობებისგან, რომელთაც მათ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სთავაზობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მათ ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელთა მიზანიც ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე გზის გახსნაა. მისივე განმარტებით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების გზებზეც ისაუბრეს.

თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ „ევროკავშირი მზადაა ჩვენი პარტნიორობის სრული პოტენციალი შეისწავლოს… მათ შორის, ექსპორტის ზრდის პოტენციალი, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სთავაზობს“.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი, ექსპორტის მოცულობა 730.3 მილიონი აშშ დოლარი (646.5 მლნ აშშ დოლარი 2017 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 2.6 მილიარდი აშშ დოლარი (2.2 მილიარდი 2017 წელს) იყო.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების საბჭოს სხდომაზე მხარეებმა ასევე განიხილეს „იმ კარგი სამუშაოს გაგრძელების მნიშვნელობა, რომელიც კანონის უზენაესობის სფეროში გაკეთდა, ასევე საქართველოს მიერ სასამართლო ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობა“.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა აქცენტი გააკეთეს ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ სფეროებში, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის პროცესში. „იმედია, ეს იქნება ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, ვინაიდან ეს არის მთავარი საქართველოს მთელი სასამართლო სისტემისა და წარმატებული სასამართლო რეფორმისთვის“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button