ახალი ამბები

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობაზე იმსჯელეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 27-28 თებერვალს ბაქოს სტუმრობს, დღეს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰალ ალიევს შეხვდა და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთობლივი პროექტების განხორციელებით, საქართველომ და აზერბაიჯანმა აჩვენეს, რომ რეგიონი უსაფრთხო დერეფანია ევროპასა და აზიას შორის. „ის არის სტაბილური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ შეიძლება ამ რეგიონში სერიოზული ინვესტიციების განხორციელება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ორი პრეზიდენტი ბაქო-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების, ასევე სამხრეთის გაზის დერეფნის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკითხებსაც შეეხო.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა სასაზღვრო დავის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნა, რომ საზღვარი კი არ უნდა ყოფდეს, არამედ უნდა აერთიანებდეს. მისი თქმით, ლოგიკური იქნებოდა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით, ეს საკითხი საბოლოოდ დაიხუროს.

ბაქოში ვიზიტის დროს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას, პრემიერ-მინისტრს ნოვრუზ მამადოვს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტი ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანშიც გაემგზავრება, სადაც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button