Placeholder canvas
ახალი ამბები

გუნდში არსებული კრიზისის განსამუხტად, ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების მცირე ჯგუფებს ხვდება

მმართველ გუნდში არსებული კრიზისის დასაძლევად, პარტია ქართული ოცნება-დემოკარტიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების მცირე ჯგუფებს ხვდება.

ამის შესახებ პარტიის მიერ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან საკითხების დეტალური განხილვა უმრავლესობის ფორმატში ვერ ხერხდება, პარტიის თავმჯდომარესთან დეპუტატთა მცირე ჯგუფების შეხვედრები დაიგეგმა.

„შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „თემის აქტუალობიდან გამომდინარე“, ბიძინა ივანიშვილი პირველად დეპუტატების იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია გამოხატა.

„პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, – ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

გუშინ, პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, ივანიშვილთან ოცნების გარკვეული დეპუტატების მიერ, კენჭისყრაზე ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივისთვის ხმის მიცემის საკითხიც განიხილეს.

„[საუბარი] ყოველგვარი დატუქსვის გარეშე მიმდინარეობდა… დაკითხვას ადგილი არ ჰქონია“, – განმარტა ქანთარიამ და იქვე დასძინა, რომ პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, გუნდიდან ვინმეს გარიცხვის შესახებ საკითხი არ განხილულა. „[ვინმეს] წასვლა-მოსვლის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“, – აღნიშნა მანვე.

მმართველ გუნდში უთანხმოება და კრიზისი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობით დაიწყო და საპენსიო რეფორმით გაგრძელდა. საბოლოოდ, ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ უკვე სამმა დეპუტატმა განაცხადა. პარტიიდან მათი ოფიციალურად წასვლის შემდეგ, ოცნება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button