Placeholder canvas
რესპუბლიკა 100

10 ყველაზე ლამბერი პარლამენტარი პირველი რესპუბლიკიდან

100 წლის წინ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეპოქაში, იშვიათად ნახავდით მამაკაცს წვერის გარეშე. 2015-16 წლებში, ქართულ მედიაში ხშირად ნახავდით სტატიებს, “ლამბერსექსუალები საქართველოშიც გამოჩნდნენო”. არადა, ლამბერები საქართველოში ჯერ კიდევ, სულ მცირე, საუკუნის წინათ გვყავდნენ. ამაში პირველი რესპუბლიკის ქართველ კანონმდებეთა ფოტოებისათვის თვალის გადავლებაც კმარა.

ვინ არიან ლამბერები? ლამბერი ინგლისური სიტყვიდან “lumberjack” მომდინარეობს და შეშის მჭრელს ნიშნავს. მოდაში კი იგი იმ ტენდენციას აღნიშნავს, რომლის მიმდევარ მამაკაცებსაც გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი აქვთ. ლამბერებს მოვლილი თმის ვარცხნილობაც გამოარჩევთ.

ჩვენი ამ ჩანახატით, საუკუნის წინანდელ საქართველოს პარლამენტში/დამფუძნებელ კრებაში გადავინაცვლებთ, საიდანაც 10 გამორჩეულ “ლამბერ” კანონმდებელზე მოკლედ მოგიყვებით – ლამბერების ჩამონათვალი/ნუმერაცია პირობითია. შესაძლოა, ისინი დღევანდელი ლამბერის ყველა კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ, თუმცა, ჩვენი აზრით, ბევრიც არ აკლიათ. მაშ ასე,

  1. ირაკლი (კაკი) წერეთელი

1904 წელს, პოლიციაში გადაღებულ ამ ფოტოზე 21-22 წლის ირაკლი (კაკი) წერეთელია გამოსახული, იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე.

ფოტო: https://rarebooks.library.nd.edu

ირაკლი (კაკი) წერეთელი დაიბადა ცნობილი მწერლის გიორგი წერეთლისა და ოლიმპიადა ნიკოლაძის (ნიკო ნიკოლაძის და) ოჯახში. 

1906-ში 25 წლის წერეთელს რუსეთის დუმაში ირჩევენ. იქ სახელი გაითქვა, როგორც ორატორმა. არაერთხელ იყო დაპატიმრებული მეფის რუსეთის დროს. ჯერ იყო და 5 წელი გაატარა ცალკე საკანში, შემდეგ ისევ ციმბირში გადაასახლეს.

1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იყო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელი პარლამენტში. 1919 წლის დასაწყისში წავიდა პარიზში, სადაც საზავო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 1919-ის მარტიდან არის დამფუძნებელი კრების წევრი.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს წავიდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. 1926 წელს, 45 წლის წერეთელმა სორბონაში ჩააბარა, რისი წარმატებით დამთავრების შემდეგაც ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 1940-იანი წლებიდან წერეთელი გადასახლდა აშშ-ში, ნიუ-იორკში.

2. დიომიდე თოფურიძე

ამ არაჩვეულებრივად გაწკეპილი წვერ-ულვაშის და ვარცხნილობის პატრონი მაშინ თვითმმართველობის რეფორმის ერთ-ერთი არქიტექტორი, შესანიშნავი ეკონომისტი, პირველი პარლამენტარი და დამოუკიდებლობის წლებში ქუთაისის მერი დიომიდე თოფურიძეა.

დიომიდე თოფურიძე. ფოტო www.firstrepublic.ge

დიომიდე 1871 წელს დაიბადა სამეგრელოში, ხეთაში. სწავლობდა მოსკოვში, ჟენევასა და პარიზში. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს.

Facebook-ზე დიომიდე თოფურიძეზე რომ დავწერეთ, ჩვენი გვერდის ერთმა მკითხველმა თქვა, “ყველაფერთან ერთად როგორი სიმპატიური ტიპია”-ო, მეორემ დააკომენტარა “ჩემი თანამედროვე რომ ყოფილიყო, როგორ “დავქრაშავდიო”. ქართულ ინტერნეტ-სივრცეში დიომიდე თოფურიძის ერთი ფოტო გვხვდება, თუმცა ეს ერთიც მეტყველებს ბევრზე.

ჰყავდა დრეზდენელი მეუღლე, მარია სეიფერტი, რომლის სიმდიდრიდანაც ხშირად ახმარდა ფულს ქვეყანასო, ამბობენ. 37-ში ბოლშევიკებმა დახვრიტეს. დღეს მისი სახელი თითქმის დავიწყებულია და არც თან რომ გადაჰყვა, იმ ქუთაისში, არც მშობლიურ სამეგრელოში მისი ქუჩაც კი არ არის.

3. ზაქარია გურული

ამ ფოტოებს რომ დახედავ და მაღალყელიანი სვიტერით შემოსილ, კარგად მოვლილ ლამბერს შეხედავ, თუ არ იცი, გაგიჭირდება, მიხვდე, რუსეთის იმპერიის მიერ უამრავჯერ დაპატიმრებულ და უამრავჯერვე გამოქცეულ რევოლუციონერს, ზაქარია გურულს რომ ხედავ.

ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

ზაქარია გურული – დაიბადა სოფელ ქირწვალში, ქუთაისის გუბერნიაში 1878 წელს. 1890-ში დაამთავრა წირქვალის ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა, 1902-ში კი ჭიათურის ოთხვთვიანი ტექნიკური კურსები. იქვე მუშაობდა მაღაროს ტექნიკოსად.

1906 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს ქუთაისის ციხეში, საიდანაც ამავე წლის 13 ივლისში გაიქცა. მეტიც ის ხელმძღვანელობდა გვირაბის გაყვანას, რომლის საშუალებითაც 1907 წელს სიკვდილმისჯილი და კატორღაში გასაგზავნი პოლიტპატიმრები ქუთაისის ციხიდან გაიქცნენ.

1919 წელს ზაქარია გურული საქართველოს დამფუძნებელი კრების /პარლამენტის წევრი გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. ზაქარიას ცხოვრების ურთულესი ეტაპი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობის შემდეგ იწყება. იგი რჩება საქართველოში და ანტი-საბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში ებმება. არაერთხელ დააპატიმრეს, გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში.

ზაქარია სიცოცხლე 1937 წელს, სტალინის ორკესტრირებულმა უსასტიკესმა რეპრესიებმა შეიწირა. დახვრიტეს 1937 წელს 1-ელ დეკემბერს ქალაქ ტარში.

ზაქარია გურულის ფოტო ვიკიპედიიდან.

4. სამსონ დადიანი

ეს სამსონ დადიანია, ქართული საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტართაგანი. დადიანი 1886 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მოდინახეში დაიბადა.

სამსონ დადიანის ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან.

დადიანი არაერთხელ დააპატიმრა მეფის რუსეთის რეჟიმმა. 1917 წლიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრია. 1918 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს სამსონ დადიანი სოციალისტ-რევოლუციონერთა სარევოლუციო პარტიიდან აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. იცავდა პატრიარქ ამბროსის. საბჭოთა კავშირის დროსაც არაერთხელ დააპატიმრეს. 1937 წლის სტალინურ უსასტიკეს რეპრესიებს სამსონ დადიანიც ვერ გადაურჩა. დახვრიტეს 37 წლის 11 დეკემბრის ღამეს.

სამსონ დადიანს ეკუთვნის საინტერესო, წინასწარმეტყველური სიტყვები “დღეს ევროპა ნაციონალურ სახელმწიფოთა შემქნისაკენ ისწრაფვის, მაგრამ ევროპა ამ წერტილზე ვერ შეჩერდება და შეიძლება ჩვენმა თაობამაც კი იხილოს ევროპის დიდი თავისუფალი ფედერაცია.”

5. გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე 1919 წლის მარტიდან სოციალ-დემოკრატების სიით გახდა საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

გიორგი ცინცაძის ფოტო www.firstrepublic.ge-დან

გიორგი (გოგილო) ცინცაძე 1880 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ბუკისციხეში. 1900 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. იყო 1905 წლის რევოლუციის მონაწილე და გურიის აგრარული მოძრაობის წევრი. 1916 წლიდან ტფილისში ვაჟთა გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ჩამოშორდა პარტიულ საქმიანობას, რადგანაც ჰქონდა გულის სერიოზული პრობლემები. ამისდა მიუხედავად, რამდენჯერმე დააპატიმრეს ბოლშევიკებმა. საბოლოოდ, ცინცაძე 1937 წლის დიდ საბჭოთა ტერორს შეეწირა. დახვრიტეს 14 სექტემბრის ღამეს “მენშევიკური ცენტრის” ბრალდებით.

6. მკრტიჩ ვარდოიანცი

ფოტო: www.firstrepublic.ge

მკრტიჩ კარაპეტის ძე ვარდოიანცი 1871 წელს დაიბადა ქალაქ ალექსანდროპოლში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი). თბილისში 4 კლასიან სახელოსნო სასწავლებელში ეუფლებოდა ზეინკლის პროფესიას. 1898 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრია, 1905 წლიდან კი “მენშევიკების” ფრაქციაში შედის. 1905 წელს ბაქოში მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში. ამის შემდეგ, არაერთხელ იყო დაპატიმრებული მეფის რუსეთის მიერ.

1917 წლიდან არის წითელი (მოგვიანებით “სახალხო”) გვარდიის დამაარსებელი და ორგანიზატორი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პირველი რესპუბლიკის ცხოვრებაში. 1918 წლის განმავლობაში ვარდოიანცი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო. 1919 წლის მარტიდან არის დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში.

1922 წელს ბოლშევიკებმა ვარდოიანცი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც იგი ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდა. მუშაობდა რენოს ქარხანაში მუშად.

7. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის პირველი თავმჯდომარე გახლდათ.

ფოტო: ბიოგრაფია.რუ

ჩხეიძე შორაპნის მაზრაში, სოფელ ფუთში დაიბადა 1864 წელს. ჩხეიძე იმ ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა. იგი1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის საკვანძო ფიგურაც იყო.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1919 წლის მარტში, კარლო ჩხეიძე დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს, როცა იგი ჯერ კიდევ პარიზში იმყოფებოდა, სადაც სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. 1921 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. 1926 წელს ჩხეიძემ თავი მოიკლა. დატოვა წარწერა “ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათო”. დაკრძალეს პერ ლაშეზის ცნობილ სასაფლაოზე, პარიზში.

კარლო ჩხეიძე პეტროგრადში, 1917 წ. ფოტო: lhistory.ru

8. ბენია ჩხიკვიშვილი

კოპლებიან პერანგში გამოწკეპილი ეს ახალგაზრდა მამაკაცი ბენია ჩხიკვიშვილია, ერთ-ერთი გამოჩენილი რევოლუციონერი, სოციალ-დემოკრატი, ერთ დროს გაციმბირებული და კატორღამისჯილი, 1905 წელს აჯანყებული გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1919 წლის 17 თებერვალს იგი თბილისის მოურავად, ანუ დღევანდელ ენაზე მერად, აირჩიეს. 1919 წლის მარტში კი ბენიამინ ჩხიკვიშვილი დამფუძნებელი კრების წევრადაც აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიიდან.

ამ ფოტოზე ბენიამინი ფოთის ციხეში იმყოფება. ეს ფოტო მან თავის “საყვარელ დაია კატოს” ციხიდან გაუგზავნა 1907 წელს.

ფოტო ბ-ნი ირაკლი მახარაძის ფეისბუკ გვერდიდან

ბენია პირველი რესპუბლიკის წლებში ბათუმისა და ქუთაისის ოლქების გენერალ-გუბერნატორადაც მსახურობდა. 1921 წლის ბოლშევიკების შემოსევის შემდეგ საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში , თუმცა საქართველოში მალევე დაბრუნდა და მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყებაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საქართველოს გამოსახსნელად. ბენია მალევე დააპატიმრეს. ფელიქს ძერჟინსკიმ გასცა მისი დახვრეტის ბრძანება. დახვრიტეს რუსეთში, სადაა მისი საფლავი, უცნობია. 

ბენია ჩხიკვიშვილის ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან.

ბენია ჩხიკვიშვილის ყველა ფოტო ერთი მეორეზე უკეთესია. ერთი მეორეზე უკეთესია ხოლმე მისი ჩაცმულობაცა და იმიჯიც. საინტერესოა, მართლაც, როგორ ახერხებდა თბილისის დემოკრატიულად არჩეული პირველი მერი და სხვა არაერთი საპასუხისმგებლო პოზიციის მქონე ბენია ყველაფერში ასე რიგად ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე?

ბენია ჩხიკვიშვილი ცენტრში. ფოტო ბ-ნი ირაკლი მახარაძის ფეისბუკ გვერდიდან

9. ნიკოლოზ ელიავა

ნიკოლოზ ელიავა 1918 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, 1919 წელს კი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს სოციალ-დემოკრატების სიით. 1918 წლის 26 მაისს ელიავამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს.

ფოტო: www.firstrepublic.ge

ნიკოლოზ ელიავა 1874 თუ 76 წელს უნდა დაბადებულიყო ქუთაისის გუბერნიაში, სოფელ ღანირში, რომელიც დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სხვათა შორის, ელიავას ძმა იყო ცნობილი ბოლშევიკი შალვა ელიავა.

იურისტის განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტში. მეფის რუსეთის დროს არაერთხელ იყო გადასახლებული და დაპატიმრებული. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, თუმცა სამშობლოში 1926 წელს დაბრუნდა. დიდი ტერორის დროს, დახვრიტეს 1937 წელს. დახვრიტეს ასევე მისი შვილი ზურაბიც და ბოლშევიკი ძმა შალვაც.

10. ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილს ჩვენში უფრო მეტად როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს იცნობენ, თუმცა იგი დამფუძნებელი კრების წევრიც გახლდათ, ცხადია, სოციალ-დემოკრატებიდან. 1918 წლის განმავლობაში იგი იყო პარლამენტის წევრი. აღსანიშნავია, რომ ახალდაბადებული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე პირველ ორ თვეს სწორედ ნოე რამიშვილი იყო.

ფოტო საქართველოს ეროვნული არქივიდან.

რამიშვილი 1881 წლის აპრილში, ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა. ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა აქტიურობით – სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ (მეორედ საბოლოოდ) გარიცხეს ტარტუს უნივერსიტეტიდან. 1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წასულ რამიშვილს, საზღვარგარეთაც არ მოუსვენია. 1930 წელს, ნოე რამიშვილი ყოფილმა გვარდიელმა პარმენ ჭანუყვაძემ მოკლა პარიზში. ვარაუდობენ, რომ მის სიკვდილში საბჭოთა უშიშროების კვალი ერია.

შეჯამების მაგიერ

საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა ბიოგრაფიებს უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის შექმნილ გვერდზე “www.firstrepublic.ge” –

მსგავსი/Related

Back to top button