Placeholder canvas
ახალი ამბები

დავით ზალკალიანი ვარშავაში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 13-14 თებერვალს ვარშავაში აშშ-ის და პოლონეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში“ მიიღო მონაწილეობა.

ვარშავიდან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში, მას „ძალიან შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან, რომელმაც „უაღრესად პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“.

ზალკალიანი მიესალმა ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან პომპეოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარებისა და რუსეთის ბოლოდროინდელი „უკანონო ქმედებების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიმართ „ურყევი მხარდაჭერა“ გამოხატა.

„რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, გასული წლის ნოემბერში, ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, შავ ზღვაში მისი თავდასხმა უკრაინულ გემებზე, ასევე ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი, ჩვენი უსაფრთხოებისა და ცხოვრების წესისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთში 13 თებერვალს.

საქართველოს საკითხს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსიც შეეხო. პოლონეთის პრეზიდენტთან ანდჟეი დუდასთან ერთად პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში, პენსმა აღნიშნა, რომ „მიუხედავად მრავალწლიანი მოლაპარაკებებისა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოსა და უკრაინის დიდი ნაწილი და ცოტა ხნის წინ, მათ უკანონოდ დააკავეს უკრაინული ხომალდები და მათი ეკიპაჟები შავ ზღვაში“.

პოლონეთიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 15-17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button