Placeholder canvas
ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა

ახალი/ძველი დარბაზი

5 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში განაახლა. ძალაში ახლადშესული კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმა სამუშაო ადგილმა ქუთაისიდან, სადაც პარლამენტი 2012 წელს გადავიდა, კვლავ თბილისში გადმოინაცვლა.

ახალი რეგლამენტი

ახალი რეგლამენტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით და სამოქმედო გეგმით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა.

„ახალ საპარლამენტო წელს ვხვდებით კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით დადგენილი საპარლამენტო კონტროლის გაზრდილი, უფრო ეფექტიანი შესაძლებლობებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, სხდომა კომიტეტების თავმჯდომარეების გამოსვლით გაგრძელდა, რომლებმაც ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასეს და კომიტეტების საქმიანობის შესახებ მოკლე ანგარიშები წარმოადგინეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა „ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტი იყოს ძლიერი, გვინდა, რომ იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს და პირველ რიგში ეს გულისხმობს ზედამხედველობის ფუნქციის განხორციელებას“.

საკუთარი პოზიცია ცალკეულმა დეპუტატებმაც დააფიქსირეს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოსვლებში სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის მუშაობის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაც გააპროტესტეს.

„ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მთავარი დაპირება იყო, რომ პარლამენტი ქუთაისიდან არ გადავიდოდა თბილისში, ეს, ისევე როგორც სხვა უამრავი დაპირება, მორიგი ტყუილი აღმოჩნდა და ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენ შეჩვეული ვართ “ქართული ოცნებისგან” ტყუილ დაპირებებს, რომლებიც შემდეგ არ სრულდება“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ.

„ქვეყანაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, რაც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში და პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე გადატანით გამოიხატება“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დეპუტატების მხრიდან მთავრობის წევრებისთვის კითხვების გაგზვანის დროს, ხშირად ხდება პარლამენტის როლის და ფუნქციის „იგნორირება“.

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალი თავჯდომარე აირჩია

პარლამენტის პირველ საგაზაფხულო სესიის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 5 თებერვალს მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი 98 ხმით 4 წინააღმდეგ აირჩიეს.

ანრი ოხანაშვილმა ამ პოსტზე დეპუტატი ეკა ბესელია შეცვალა, რომელმაც პოსტი გასული წლის დეკემბერში დატოვა.

განათლების მინისტრის საათიპირველი პრეცედენტი

7 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმები, ასევე კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული სიახლეები გააცნო.

საღამოს მინისტრის მოსმენა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე გაგრძელდა, სადაც მიხეილ ბატიაშვილმა დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად ზუგდიდის N 6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხს დაეთმო.

მინისტრის მოსმენა პარლამენტში ორ დღეს გაგრძელდა.

მომავალი სასესიო კვირა – პარლამენტში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა იგეგმება

სასესიო კვირაში დღის წესრიგით, მინისტრის საათის ფარგლებში, ვიცე-პრემიერის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლაც იყო დაგეგმილი, თუმცა მისი მოსმენა შემდეგი სასესიო კვირისთვის გადაიდო.

პანკისის ოპერაციის გამოძახილი

დღის წესრიგით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის განხილვაც იყო გათვალისწინებული, რომელიც „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება. თუმცა, პარლამენტს არც ამ საკითხზე უმსჯელია და მისი განხილვა მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო.

კილაძე: „ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი

7 თებერვალს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მან რელიგიის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„დღეს, როცა არაერთი სალოცავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეა მოქცეული, ოკუპანტი მხარე ცდილობს წაშალოს ქართული კვალი და ამისთვის ისინი ყველაზე ვანდალურ გზას მიმართავენ. ისინი ყოველდღიურად ანადგურებენ მართლმადიდებლურ ძეგლებს, ხატებს, ფრესკებს. სამწუხაროა, რომ მაშინ, როცა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელ სასულიერო პირებს აქვთ შესაძლებლობა, გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამის უფლება არ ეძლევა მართლმადიდებელ ეკლესიას. აღნიშნულ შემთხვევაში, ეთნიკურთან ერთად, სახეზეა რელიგიური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის ფაქტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

შეხვედრები და ვიზიტები

  • საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიცაა, 6 თებერვალს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. გიგი წერეთელი დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
  • 8 თებერვალს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ულრიკ ტიდესტრომთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
  • ირაკლი სესიაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სადაც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ის მოქმედებები, რომელსაც სადამკვირვებლო მისია ახორციელებს, საქართველოსთვის ფასდაუდებელია.
  • შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს 8 თებერვალს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავაც შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკანონო მიგრაცია და 2018 წლის განმავლობაში შვედეთში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა იყო.
  • 8 თებერვლას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე თამბაქოსთვის თავის დანებების საერთაშორისო ცენტრის დირექტორს პროფესორ მარტინ როსს შეხვდა, რომლის ტექნიკური დახმარებითაც თამბაქოსთვის თავის დანებების ეროვნული სტრატეგია მომზადდა.
  • 10 თებერვალს კახეთში აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კომიტეტის წევრებმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები წარმოადგინა. „მიწა არის მნიშვნელოვანი აქტივი, ეს არის ეროვნული ღირებულების, ეროვნული უსაფრთხოების საგანი და მას სჭირდება სწორი მართვა“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button