ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ავღანეთს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 8 თებერვალს ავღანეთს ესტუმრა, სადაც ნატოს მისიაში მომსახურე ქართველ სამხედროებს, ასევე ავღანეთის ხელმძღვანელობას შეხვდა.

„ვამაყობ ჩვენი ქართველი ჯარისკაცებით, რომელთაც ნატოს კოალიციის მხარდამხარ საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში ავღანეთში“, – დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა ქართველ სამხედროებს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

ავღანეთში ნატოს მისიაში სამსახურის დროს 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა. საქართველო 870 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი. მათი მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული.

ავღანეთში ვიზიტის დროს, ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურთან და ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალთან ოსტინ სკოტ მილერთან, ასევე ავღანეთის ისლამურირესპუბლიკის პრეზიდენტთან მოჰამედ აშრაფ ღანი აჰმადზაისთან, რომელთანაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ავღანეთში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button