ევროპა

დგება კი ავტოკრატების დაისი?

უკანასკნელ ხანებში ავტოკრატ ლიდერებს ცხოვრება გაუჭირდათ.

რა ხდება:

  • ფილიპინების ლიდერის, როდრიგო დუტერტეს (Rodrigo Duterte) რეიტინგი უკანასკნელ თვეებში დაბლა მიიწევს, რასაც სარჩულად ინფლაციის ზრდა და ქვეყნის სენატის მოქმედებები უდევს, რომელიც სულ უფრო აქტიურად ეწინააღმდეგება დუტერტეს.
  • ზამთრის განმავლობაში უნგრეთში გამართულმა მასიურმა პროტესტებმა ვიქტონ ორბანის (Viktor Orban) მოწინაღმდეგეები ცოტათი უკეთ შეაკავშირა.
  • ვენესუელაში, ათობით ათასი ადამიანი შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, ხოლო მადუროს მთავრობა თავის გადასარჩენად იბრძვის.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ: ავტორიტარი და პოპულისტი ლიდერები გულხელდაკრეფილი არ დარჩებიან და გააქტიურებულ მოწინააღმდეგეებს პასუხსაც გასცემენ. ისინი რამოდენიმე მიმართულებით განავითარებენ შეტევას:

  • კანონის უზენაესობის წინააღმდეგ: დუტერტე, რომელსაც კრიტიკოსები სულ უფრო აცოფებენ, დამოუკიდებელ მედიასა და მთავრობის მაკონტროლებელ სხვა ორგანოებზე ზეწოლას აძლიერებს. ორბანი სასამართლოების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას აგრძელებს. მადურომ ყველაზე დრამატული გზა აირჩია და მოწინააღმდეგეების ნაწილი, როგორც ჩანს, უბრალოდ დახოცა.
  • საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ: მემარჯვენე-პოპულისტური პარტიები მაისში ევროპარლამენტის  არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ და იმედი აქვთ, რომ მათი გავლენა გაიზრდება. თუკი მათ მართლაც მიიღეს საკმაო რაოდენობის მანდატი, პოპულისტ-მემარჯვენეების ალიანსს შეეძლება ხელი შეუშალოს ევროპარლამენტს ავტოკრატი ლიდერების კრიტიკაში, მათ კონტროლსა და მათ წინააღმდეგ კონკრეტული სანქციების მიღებაში.
  • საზოგადოებაში შუღლის გაღვივება: დუტერტე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის გამორჩეულად სისხლიანი პოლიტიკის გააქტიურებას გეგმავს, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. თითქმის ყველა ავტოკრატისათვის დღეს კომპრომისი სალანძღავი ცნებაა, მოქმედებების რადიკალიზაცია კი – მხარდამჭერების შენარჩუნებისა და წაქეზების საკვანძო საშუალება.

რას უნდა ველოდეთ: ბუნებრივია, ჩამოთვლილი ავტოკრატი, პოპულისტი ლიდერები განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემებსა და საერთაშორისო გარემოცვაში მოქმედებენ, მაგრამ კრიტიკაზე მათი რეაქციები საკმაოდ მსგავსია. ამ ქმედებების შემხედვარე, ამბობენ საგარეო ურთიერთობების საბჭოს (Council on Foreign Relations) ექსპერტები, შეგვიძლია ადვილად წარმოვიდგინოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის (Donald Trump) ადმინისტრაციის მოქმედებები მომავალი ორი წლის განმავლობაში. ვაშინგტონიდან უნდა მოველოდეთ კომპრომისების უარყოფას, პრეზიდენტის დამაბალანსებელი ინსტიტუტების წინააღმდეგ ომს და – რაც უკვე ცხადად გამოჩნდა ტრამპის საპროგრამო გამოსვლიდან – ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივი ინიციატივების გათრევის ჯიუტ მცდელობას.

ავტორი: ჯოშუა კურლანციკი (Joshua Kurlantzick) საგარეო ურთიერთობების საბჭოში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის საქმეთა უფროსი მკვლევარია.

პირველწყარო
Autocrats meet growing resistance with harsher crackdowns

მსგავსი/Related

Back to top button