ახალი ამბები

შვეიცარია: საბაჟო შეთანხმება ასამოქმედებლად მზადაა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ „მოლაპარაკებები დასრულდა და რუსეთის და საქართველოს მიერ 2011 წელს ხელმოწერილი საბაჟო შეთანხმების განსახორციელებლად პირობები შექმნილია“.

2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. სამი „სავაჭრო დერეფნის“ გავლით, ტვირთების გადაადგილებაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით, შეთანხმება „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ დაქირავებას ითვალისწინებს. ორი სავაჭრო დერეფანი ოკუპირებულ რეგიონებში მდებარეობს, ხოლო მესამე ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე.

შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ და რუსეთმა 2017 და 2018 წლებში, შვეიცარიულ კომპანია SGS-თან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთის გადაადგილებაზე მონიტორინგის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს. 

გუშინდელ განცხადებაში შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ შვეიცარია „კვლავაც აქტიურ როლს ითამაშებს ამ ახალი ფაზის დროს“ და შეთანხმების განხორციელების კონტროლის მიზნით შექმნილ ერთობლივ კომიტეტს უხელმძღვანელებს. შვეიცარიულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ერთობლივი კომიტეტის პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები დაესწრებიან, ჟენევაში 6 თებერვალს გაიმართება.

რუსული დეზინფორმაცია

ცოტა ხნის წინ, რუსული მედია სპეკულაციებს ავრცელებდა იმასთან დაკავშირებით, რომ „საბაჟო გამშვები პუნქტები“ ორ ოკუპირებულ რეგიონთან საზღვრებზე გაიხსნებოდა, რითაც თბილისის მიერ მათი „სუვერენიტეტის“ ფაქტობრივ აღიარებაზე მიანიშნებდა.

2011 წლის შეთანხების თანახმად, „ნეიტრალური კერძო კომპანიის“ წარმომადგენლები, ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით, თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში ისე განთავსდებიან, რომ ისინი უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში არ განლაგდებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსულ სპეკულაციებს დეზინფორმაცია უწოდა. ვაშინგტონიდან ამ საკითხზე საუბრისას, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ზალკალიანმა განაცხადა, რომ დოკუმენტის გადახედვას ადგილი არ ჰქონია და „ყველაფერი არის შესაბიმოსაში მიღწეულ შეთანხმებასთან ისე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს“.

ანალოგიური პოზიცია გაახმოვანა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, რომლის თქმითაც, 2011 წლის შეთანხმებაში ცვლილება არ შესულა და რომ „ამომავალი წერტილი ქართული მხარისათვის არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი – ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერტენიტეტი. არცერთი გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება მიღებული ამ პრინციპების დარღვევის ხარჯზე“.

რუსეთის და საქართველოს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დეტალების სანახავად ეწვიეთ Civil.ge-ს არქივს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button