Placeholder canvas
ახალი ამბები

Freedom House: საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება

საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში.

თავისუფლება მსოფლიოში 2019 წელს“ მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით 195 ქვეყანასა და 14 ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას იკვლევს და 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს. პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით (1–დან 7–მდე შკალაზე), თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ ქვეყნის/ტერიტორიის სტატუსი ენიჭება. ხსენებულ შკალაზე 1 ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს ნიშნავს.

2019 წლის ანგარიშში შეფასებული 195 ქვეყნიდან, 86 (44 %) შეფასდა როგორც „თავისუფალი“, 59 (30 %) როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ და 50 (26 %) როგორც „არა თავისუფალი“.

ქვეყნები 1-დან (ყველაზე უარესი) 100-მდე (ყველაზე უკეთესი) შკალითაც ფასდებიან.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში, საქართველოს რეიტინგი კვლავ უცვლელი (3 ქულა) დარჩა და ქვეყანა ისევ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

100 ქულიანი შკალით საქართველოს 63 ქულა აქვს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებთან – უკრაინასთან (60), მოლდოვასთან (58) და სომხეთთან (51) შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს უმსხვილესი მეზობელი ქვეყნები – რუსეთი (20) და თურქეთი (31) „არა თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში მოხვდნენ.

წყარო: Freedom House

Freedom House-ის კვლევაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 4 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 4.5 ქულით, აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ცხინვალის რეგიონი კი „არა თავისუფალი“ ტერიტორიის კატეგორიაში გადის. მას პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 7 ქულა, სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში კი – 6.5 ქულა აქვს მინიჭებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button