Placeholder canvas
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო 10 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

დღევანდელი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს 2014 წლის ივლისის განაჩენს უკავშირდება, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.

თუმცა, მაშინ, ევროპის სასამართლომ განაცხადა, რომ სამართლიანი დაკმაყოფილების, ანუ კომპენსაციის საკითხზე „გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ იყო“ და კომპენსაციის თაობაზე მხარეებს საკუთარი შეხედულებების წარდგენა შესთავაზა. საქმის განხილვა სასამართლომ 2015 წელს, მას შემდეგ განაახლა, რაც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„გავითვალისწინეთ რა, მიმდინარე საქმის ყველა შესაბამისი გარემოება, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებელი მთავრობის სასარგებლოდ 10 000 000 ევროს გადახდის დაკისრება იმ არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც საქართველოს სულ ცოტა 1 500 მოქალაქეს მიადგა“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლოს თქმით, ეს თანხა დეპორტაციის მსხვერპლ საქართველოს მოქალაქეებს შორის გადანაწილდება.

სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.

პრეისტორია

ორ ქვეყანას შორის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ 2 300-ზე მეტი ქართველი დააკავა და 2006 წლის სექტემბრის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში გამოაძევა. ასობით ადამიანი თბილისში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს.

საქართველო აცხადებდა, რომ ამგვარი ქმედება თბილისში 2006 წლის სექტემბერში ოთხი რუსი ოფიცრის დაკავების საპასუხოდ რუსეთის ხელისუფლების შურისძიება იყო. რუსეთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რაიმე შურისძიებას უარყოფდა, აცხადებდა, რომ ეს უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ მისი სტანდარტული პოლიტიკის გაგრძელება იყო.

სტრასბურგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვასთან, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებასთან, სამართლიანსასამართლო განხილვის უფლებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან და სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებასთან მიმართებით.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში კიდევ ორი სახელმწიფოთაშორისო განაცხადი აქვს შეტანილი – ერთი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს, ხოლო მეორე 2008 წლის ომის შემდეგ ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button