ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა „სუსტი ინფლაციური წნეხის“ გათვალისწინებით, 30 იანვარს რეფინანსირების განაკვეთის 7-დან 6.75 %-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა „ზომიერად გამკაცრებული“ მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლა გასული წლის ივლისში დაიწყო. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ არსებული პროგნოზები წლის განმავლობაში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომ შემცირებასაც ითვალისწინებს.

„გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის (ნორმალიზაციის) პროცესის ტემპი დამოკიდებული იქნება, ერთის მხრივ, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება პოტენციური დონიდან მოთხოვნის ჩამორჩენა, ხოლო მეორეს მხრივ, თუ რამდენად ძლიერი იქნება საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკები“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის 30 ნოემბრის განცხადებაში.

სებ-ის განმარტებით, 2018 წლის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზების შესაბამისად, მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს ნარჩუნდებოდა. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.5 პროცენტი შეადგინა და არსებული პროგნოზებით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ იმოძრავებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 13 მარტს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button