Placeholder canvas
ახალი ამბები

საზოგადოებრივი განწყობები NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 28 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის, მთავრობის საქმიანობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართ რესპონდენტების განწყობებს ასახავს.

NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, საველე სამუშაოები 6 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2 205 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/-2.1 %-ია.

კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება 38%-მდე შემცირდა. 2018 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 40 % იყო. რესპონდენტების 29%-ს მიაჩნია, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება, რაც 2018 წლის ივნისთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით მეტია. გამოკითხულებით 30 %-ს კი მიაჩნია, რომ საქართველო „საერთოდ არ იცვლება“ (2018 წლისივნისი – 36 %).

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქართველები გარკვეულ გაუმჯობესებას ხედავენ სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების, მედიის დამოუკიდებლობის, და განათლების კუთხით. თუმცა, მათი აზრით, ვითარების გაუარესება შეინიშნება სასამართლო სისტემის, კორუფციის, დანაშაულის, პენსიების, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის მიმართულებით.

კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად რესპონდენტები სამუშაო ადგილებს (51 %), სიღარიბეს (38 %), ფასების ზრდას/ინფლაციას (37 %), ტერიტორიულ მთლიანობას (27 %), პენსიებს (25 %), ხელფასებს (18 %) და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას (15 %) მიიჩნევენ. ეს შვიდი პრიორიტეტული საკითხი ბოლო წლების მანძილზე არ შეცვლილა და წინა კვლევებში სხვადასხვა თანმიმდევრობით იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება გარემოს დაცვის საკითხებს, რესპონდენტებს ყველაზე მეტად ჰაერის დაბინძურება (57 %), საკვების უსაფრთხოება (44 %) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობა(40 %) აწუხებთ. იგივე წუხილებით აქვთ თბილისში მცხოვრებ რესპონდენტებსაც. აქ დასახელებული საკითხებისადმი გამოკითხულების დამოკიდებულება ასე გამოიყურება: ჰაერის დაბინძურება (76 %), საკვების უსაფრთხოება (54 %) და პროდუქტებში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობა (36 %).

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 50 %-ს მიაჩნია, რომ მთავრობა ყველა მოქალაქისთვის მაღალი ხარისხის განათლებას უზრუნველყოფს, თუმცა დიდი უმრავლესობა (73 %) აცხადებს, რომ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად კვლავ კერძო მასწავლებლის დაქირავებაა აუცილებელი.

გამოკითხულები კარგი სამსახურის საპოვნელად მთავარ კრიტერიუმად განათლებას არ განიხილავენ. მოსახლეობის 37 % ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაცნობობა.

რესპონდენტების 43 % მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში, კრიმინალის დონე გაიზარდა. მათივე მოსაზრებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებს შორისაა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული, ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა და ავტოსაგზაო შემთხვევები.

საგარეო პოლიტიკა 

იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ემხრობიან, 2018 წლის ივნისთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით 83 %-მდე გაიზარდა. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით 80 %-ს აღემატება, თუმცა გამონაკლისს ეთნიკური უმცირესობების დასახლებები წარმოადგენს, სადაც ეს მაჩვენებელი 58 %-ია.

რესპონდენტების 78 აცხადებს, რომ ისინი ნატოში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ემხრობიან, 2018 წლის ივნისთან შედარებით რაც 3 პროცენტული პუნქტით მეტია. რესპონდენტების 13 % ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. 2018 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 17 %-ს შეადგენდა. 2018 წლის ივნისთან შედარებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა უმნიშვნელოდ – 49 %-დან 48 %-მდე შემცირდა.

მედია

კვლევის მიხედვით, ტელეკომპანიები „იმედი“ და „რუსთავი 2“ ქართული პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროებად რესპონდენტების 66 %-მა და 61 %-მა დაასახელეს. შემდეგ მოდის „ტელეკომპანია პირველი“ (39 %) და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (34 %).
„იმედს“ და „რუსთავი 2“ – ს ყველაზე სანდო ტელევიზიებად გამოკითხულთა 26 % და 20 % ასახელებს. 15 %-ით მათ „ტელეკომპანია პირველი“, 12 %-ით „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. 11 %-ით კი ტელეკომპანია „ობიექტივი“ მოსდევს.

პოლიტიკური რეიტინგების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს NDI ოთხშაბათს გამოაქვეყნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button