რესპუბლიკის ამბები

ქობულეთელთა საპროტესტო მემორანდუმი ბრიტანეთის იმპერიას

აჭარაში კომისრებად რუსების დანიშვნას აპროტესტებენ

„საქართველოს რესპუბლიკა“, 16 იანვარი, 1919. N11

მემორანდუმები

ქობულეთის, გონიის, ქვემო აჭარის, ზემო აჭარის, ართვინის, არდანუჯის და შავშეთ-იმერხევის უბნებში კამისრებად რუსების დანიშვნის შესახებ გავრცელებულმა ამბებმა ქართველ მუსლიმანებში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამის შესახებ უკვე ინგლისის ღენერალ-გუბერნატორს სხვა და სხვა მემორანდუმებები და საჩივრები მიართვეს. მოგვყავს აქ ქობულეთის მცხოვრებლების მიერ მირთმეული მემორანდუმი.

ბატონ ბრიტანიის წარმომადგენელს.

ჩვენ კინტრიშის ნაწილის მცხოვრებლებმა გავიგეთ, რომ თქვენ მიერ დანიშნულ საბჭოს გადაეწყვიტა ჩვენში გამოეგზავნა ადმინისტრატორად რუსის მოხელეები ფონდერ გრეშენი და მისი ორი თანაშემწე. რადგან ჩვენ საერთო ყრილობაზე უკვე ავირჩიეთ ჩვენი საქმეების მოსაწყობად ადგილობრივი მცხოვრები მცოდნე ჩვენი ხალხის და ცხოვრების, რადგან ჩვენ იმედი გვაქვს სრული მშვიდობიანობა და წესიერება დავიცვათ ჩვენი ძალ-ღონით და რადგან შეიძლება თქვენი საბჭოს მიერ არჩეულ პირის გაგზავნას მოჰყვეს მეტად მძიმე და სამწუხარო შედეგი, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ უყურადღებოდ არ დაგვტოვოთ და აგვაცდინოთ მოსალოდნელი განსაცდელი.

კინტრიშის ნაწილის წარმომადგენელი.

მსგავსი/Related

Back to top button