ახალი ამბები

უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან ამავე უწყებაში მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი პარლამენტის დეპუტატი იყო.

სავარაუდოდ, ამ თანამდებობაზე მან იოსებ გოგაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა გასული წლის 21 აგვისტოს დატოვა. გავრცელებული ცნობებით, იოსებ გოგაშვილის სახელს რამდენიმე გახმაურებული სპეცოპერაციის ჩატარება უკავშირდება. კერძოდ, 2017 წლის დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის შედეგად, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, რამდენიმე პირი დააკავეს, ხოლო ერთ-ერთი – თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელის მიერ გასროლილი ტყვიით დაიჭრა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, და ასევე 2017 წლის ნოემბერში თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარება, რა დროსაც ისლამური სახელმწიფოს, ერთ-ერთმა წევრმა, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

უსაფრთხოების სამსახურში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო 19 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია მხოლოდ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი პირველ მოადგილედ გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილას ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობდა.

ერთი კვირით ადრე ასევე განხორციელდა ცვლილებები უსაფრთხოების ხუთ რეგიონალურ სამსახურში.  ახალი ხელმძღვანელები კახეთში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button