რესპუბლიკის ამბები

თელაველები მოითხოვენ, „ჩამოსულებმა” თელავი ერთ კვირაში დატოვონ

„სახალხო საქმე“, N299, 6 აგვისტო, 1918

ჯერ ისევ ადრე გაზაფხულზე შეეტყო თელავს გარეშე ხალხის შემოსვლა, მას აქეთ ყოველ დღე აუარებელი ხალხი აწყდება. ცხადი გახდა, პატარა თელავი, რომელსაც არც საკმარისი ბინები აქვს, არც სამყოფი სურსათი უმტკივნეულოდ ვერ აიტანდა გარეშე ხალხის მოსვლას და მართლაც აშკარად დაეტყო ცხოვრებას გაძვირება, ბინებს რომ თავი დავანებოთ, როცა უშოვნელობით ერთ ოთახში რამდენიმე სულია შეხიზნული, სურსათის საკითხმა მეტად მწვავე ხასიათი მიიღო, პურს გარდა, რომელიც არ იშოვება და მამა სისხლად გახდა, სხვა სანოვაგის ფასმაც შედარებით წინა თვეებთან ერთი ხუთად და ათად აიწია: რადგანაც მოსული ხალხის დიდი უმრავლესობა სულ შეძლებულ ნაწილს წარმოადგენს, ესენი ფულს არაფერში ჰზოგავენ, ყველაფრის ფასს ხელოვნურად სწევენ და ადგილობრივი მცხოვრებნი ისე რჩებიან. მშრომელი მუშა ხალხისთვის უკვე ხელმიუწვდომელი გახდა სურსათის შეძენა და ძალა უნებურად დაიწყეს აქა-იქ მოაგარაკეთა წინააღმდეგ მითქმა-მოთქმა.

ამნაირად თელავი აივსო მოსულ ხალხით, რომელნიც რამდენიმე ნაწილად განიყოფება: მოაგარაკენი, რომელნიც ჩვეულებრივად მოდიან ხოლმე ყოველ ზაფხულს, რადგანაც ამათ თელავთან რაიმე დამოკიდებულება აქვთ! მოაგარაკენი, რომელნიც სხვაგან მიდიოდნენ და წელს პირველად ესტუმრნენ თელავს და არავითარ საშუალებას არა ჰზოგავენ ფუფუნებისათვის და მოაგარაკენი ე.ი. პირდაპირ სპეკულიაციისთვის მოსული ხალხი, რომელთაც ჩარჩული ქსელი ყველგან გააბეს, დაიწყეს ტფილისში მიმოსვლა და არცა ფიქრობენ თელავიდან წასვლას და ძალა უნებურად მკვიდრთ თავიანთ წინააღმდეგ ამხედრებენ.

რაც შეეხება ლტოლვილებს, რომელთა ქურქში ხშირად ეხვევიან ზემოდასახელებული მოაგარაკენი. ნამდვილი ლტოლვილი ფეხშიშველი და დაგლეჯილი, რომელნიც მტრის მახვილს გამოჰქცევიან ამათი რიცხვი ასს არ აღემატება; არის ცალკე კომიტეტი, რომელშიაც ქალაქის საბჭოდანაც შედიან, რომელიც მზრუნველობს მათთვის. ამათ წინააღმდეგ არავინ არაფერს ამბობს, მხოლოდ ზომებია მიღებული, რომ ამათი რიცხვი არ გადიდდეს.

თვით მოაგარაკეთა გადმოხვეწა კი, მიუხედავად, რომ შუა ზაფხულია, არათუ კლებულობს, ყოველ დღე მატულობს, მოდიან ცხადლივ და მალვით და საშინელ უბედურებას უმზადებენ თელავის მცხოვრებთ ხოლერის შემოტანით.

ამიტომ იყო, რომ ჯერ ისევ ორი-სამი კვირის წინად ქალაქის საბჭომ თავის გადაწყვეტილების თანახმად გაგზავნა ტფილისის ყველა გაზეთებში დეპეშა, რომლითაც სასტიკად ეკრძალებოდათ როგორც მოაგარაკეთ, ისე ლტოლვილთ თელავში შემოსვლა.

ამის მიუხედავად მას შემდეგაც მოსულთა რიხვი დაკლების მაგიერ, მოემატა და საშიში გახდა სიმშილის და სიძვირის ნიადაგზე მშვიდობიანობის დარღვევა და ხოლერის შემოტანის მხრივაც.

სწორედ ამისთვის საბჭოს კრებაზე დაისვა საკითხი მოაგარაკეთა შესახებ, რომელსაც მაშინვე ზოგიერთებმა ეროვნული ხასიათი მისცეს, ვითომ ვისიმე წინააღმდეგ ყოფილიყოს ეს მიმართული და ამ საქმისათვის განსაკუთრებით ცალკე სხდომის დანიშვნა გახდა საჭირო.

მკათათვის 26 დაინიშნა კრება, რომელსაც აუარებელი ხალხი მიაწყდა, ჯერ არც ერთ კრებას ამდენი საზოგადოება არ დასწრებია, რამდენიც ამ საღამო. ამ საღამოთიაც სამწუხაროდ კამათმა ძალიან მწვავე ხასიათი მიიღო და მასთან ეროვნულიც. ზოგს ეგონა ეს საკითხი მარტო-მარტო სომხების წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაკვირველია ეს სამწუხაროა, ვინაიდან კითხვა საზოგადოდ მოსულებს შეეხებოდა, რომელთა შორის არიან როგორც სომხები, ისე ქართველები, რუსები და სხვა ეროვნებისა.

გარეშეთაც მიეცათ სათათბირო ხმის უფლება, წარმოითქვა მკვახე სიტყვები. ბოლოს როგორც იქნა საკითხი გარკვეულად დაინახეს და წინადადებას კენჭი უყარეს რომლის გარდაწყვეტაშიაც დაშნაკელების ფრაქციამ თავი შეიკავა.

მოსულთა შესახებ გამოტანილ იქმნა შემდეგი დადგენილებანი:

  1. აიკრძალოს როგორც მოაგარაკეთა, ისე ლტოლვილთა შემოსვლა თელავში.
  2. აქ მყოფ ლტოლვილებს მიეჩინოთ განსაკუთრებითი ბინა ქალაქს გარედ და გაგზავნილ იქმნენ თავის სამშობლოში თანახმად საქართველოს მთავრობის დადგენილების (როცა ეს შესაძლებელი გახდება).
  3. უკვე მოსულ მოაგარაკეთ, რომელთაც თელავთან არავითარი კავშირი არა აქვთ, წინადადება მიეცეთ ერთი კვირის განმავლობაში დასტოვონ თელავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით იყვნენ ქალაქიდან გაგზავნილი.

დავიწყებული

მსგავსი/Related

Back to top button