Placeholder canvas
ახალი ამბები

ეკა ბესელია: „ამ ეტაპის მიზანი არის მიღწეული“

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი ეტაპის მიზანი და ამოცანა, რომ „იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე“ მიღწეულია და ეს სწორედ მისმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა. ბესელიას თქმით, ეს ყველაფერი „ამად ღირდა“.

ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ახლა, უკვე მნიშნველოვანია, შემუშავდეს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ თანამდებობაზე, იმ მოსამართლეების შერჩევის შესაძლებლობას შეზღუდავს, რომლებიც „ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს და ქმნიდნენ ამ სასტიკ რეჟიმს“.

დეპუტატმა დღევანდელი პრესკონფერენცია ჯერ კიდევ 11 იანვარს, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დააანონსა, სადაც ის გუნდის ლიდერმა „გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“ წასვლაში დაადანაშაულა. მაშინ ბესელიამ განაცხადა, რომ ის 14 იანვარს ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.

ეკა ბესელია ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას მიესალმა და განმარტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. „მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ დაიბრალებს ამ შედეგს, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ეტაპზე სია შეჩერდა, ეს სია ვერ იქნება მიღებული პარლამენტის მიერ და ვერ იქნება განხილული იურიდიული კომიტეტის მიერ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა გუნდურობის პრინციპთან დაკავშირებით თანაპარტიელების მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებსაც უპასუხა და განმარტა, რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ „რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი“. „ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს“, – დასძინა მანვე.

ბესელიას თქმით, მას არც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გედევან ფოფხაძის დასახელება მიაჩნია გუნდურობის წესების დარღვევად. „ეს საკითხი იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. კომიტეტის სხდომის ჩატარებამდეც მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთანაც“, – განმარტა დეპუტატმა.

დეპუტატმა მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუნდში ჯერ კიდევ ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერის თანამდებობის შეთავაზებაც დაადასტურა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, მას რამდენიმე საკითხთან მიმართებით კრიტიკული და კატეგორიული პოზიცია ჰქონდა, რის გამოც, ის „გარკვეული ჯგუფისთვის არ იყო სანდო“.

„შემოთავაზებით მოფიქრებული იყო სქემა, იურიდიული კომიტეტი გათავისუფლებულიყო იმ თავმჯდომარისგან, რომელიც ხელს შეუშლიდა გარკვეული ჯგუფის ინტერესების გატარებას“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ „იურიდიული კომიტეტი არ უნდა გახდეს ფილიალი იმ ჯგუფის, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები არ მგონია იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები“.

ბესელიამ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე საჯარო საუბარი არ ისურვა. „ჩემი პროფესიული ეთიკა, არასდროს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი, მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი“, – განაცხადა მან.

დეპუტატმა გუნდიდან მისი წასვლის პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით. „მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან დაკავშირებული სააკაშვილის ძალადობრივ სისტემასთან”, – განმარტა მან.

ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა. თანამდებობის დატოვების მიზეზი მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 10 კაციან სიასთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა. აღნიშნულის გამო, თანამდებობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, წარმოდგენილი სიის ლობირებაში ადანაშაულებდნენ.

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოთქმული საჯარო კრიტიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილის პოსტზე დეპუტატ გედევან ფოფხაძის წარდგენის გამო, ეკა ბესელია თანაპარტიელებმა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუნდურობის წესების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს.

პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეობის უკვე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო და მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმების შემუშავებაზე დაიწყო მუშაობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button