ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს ათონელის სასახლეში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მედიასთან ერთსაათიანი საუბარის დასაწყისში პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი ცილისწამებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ „ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას“ და რომელმაც „ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოიწყო საზოგადოებაში, საჭირო არის ამის დაწყნარება“. ამის პარალელურად, მისივე განმარტებით, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და „ხშირად ეს ორი პრინციპი მოყვანილი არის დაპირისპირებაში“.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აღნიშნული ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამისთვის მზად არის.

პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და „ევროკავშირში ქვეყნის მომავლის საწინდარი“. სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

„არ ვარ პოლიტიკური პერსონა, ამიტომ ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომ მე რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „როგორც პრეზიდენტი მე არ მაქვს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია, არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელსაც ხვალ უზენაესი სასამართლო შეადგენს“, – დასძინა მანვე.

სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გამო არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მხოლოდ ის განმარტა, რომ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები მისი შესაფასებელი არ არის.

„არ შეიძლება მე ვიყო ჩართული ამ დისკუსიებში, მაგრამ ის ფაქტი, რომ მმართველ გუნდში და ზოგადად პოლიტიკურ გაერთიანებებში იყოს ასეთი ტიპის დისკუსიები არის ნორმალური და საჭირო“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებაც სთხოვეს პოზიციის დაფიქსირება, თუმცა მან განაცხადა, რომ „თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს, გარკვეული შედეგების გამო, მე არ ავიღებ ჩემს თავზე იმის პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია“.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა და მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა დაასახელა. მანვე განმარტა, რომ მთავარი მიზანი იქნება „საქართველო იყოს უფრო აქტიურად წარმოდგენილი მსოფლიო რუკაზე საერთაშორისო ურთიერთობების ყველა კუთხით“.

პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ამ ეტაპისთვის დიპლომატიური ურთიერთობების ან „დიალოგის“ დაწყების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

„მე არ მგონია, რომ დღევანდელი დღე გვაძლევდეს საშუალებას, რომ საქართველო რუსეთთან იყოს რაიმე, საწყის ურთიერთობაში ისე, რომ ეს არ იყოს თავის უახლოეს პარტნიორებთან შეთანხმებული ბოლომდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი „ყველასთან თანამშრომლობას აპირებს“, თუმცა ამისთვის ორივე მხარის მზაობაა საჭირო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button