რესპუბლიკის ამბები

საქართველოს რესპუბლიკა ახალ 1919 წელს იმედებით ეგებება

„საქართველოს რესპუბლიკა“, N1, 1-ლი იანვარი, 1919

ახალი წელი

ისტორიის წიგნს კიდევ ერთი ფურცელი მიემატა. ისტორიას ჩაბარდა მდიდარი 1918 წელი. ამ წელში შესწყდა საერთაშორისო სისხლის ღვრა. ამ წელში სავსებით დაინგრა და დანაწილდა რუსეთი.

ამ წელში იშვა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ამ წელს მოხდა დიდი რევოლიუცია გერმანიაში, ავსტრო-ჰუნგრეთში, ამ წელს მრავალ ცვლილებათა პროცესი დაიწყო. ახალ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენათა წელიწადი ისტორიას ისე ჰბარდება, რომ ყველა საქმეს მომავალ 1919 წელს ანდობს გადასაწყვეტათ და დასასრულებლათ: ნგრევა-რღვევის პროცესი ერთი მხრივ , – ეს დიდი მძიმე საქმე აიტანა 1918 წელმა, მაგრამ ორივე პროცესის კვანძი ჯერ არ გამოსკვნილა და 1919 წელს აქვს იგი მინდობილი. უკანასკნელ ხანაში აფორიაქებული მსოფლიო, სოციალურ ცხოვრების ამთაგორებული ტალღები ჯერ არ დამცხრალა, მრავალი ინტერესი ერთიმეორეს კვლავ ეხეთქება და ჯერ კიდევ თავისი კალაპოტი ვერ უპოვნია. შევდივართ 1919 წელში იმ იმედით და რწმენით, რომ ამ წელს სავსებით მოწესრიგდება ის დიადი საკითხები, რომელიც გასულმა წელმა მსოფლიოს გადასაჭრელათ დაუყენა.

გასულ წელს იშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და გასული წლის საქართველოს დემოკრატიის ენერგია მის დაცვა-განმტკიცებას მოუნდა, ლეგიონი იყო საქართველოს მტერი, მაგრამ ყველა მოიგერია და იგერიებს დღესაც. დღეს მას ბრძოლა აქვს სომხეთთან, მზაკვრულათ მოპარულ მტერთან. და მთელი დემოკრატია ერთი ფიქრით და გრძნობით განმსჭვალული თავგამოდებით იბრძვის საქართველოს თავისუფლების დასაცავათ. იგი ერთი წუთითაც არ ისვენებს და ფრონტთან ერთად განაგრძობს ქვეყნის თავისუფლებისათვის დაუდგრომელ ბრძოლას. და ეს ბრძოლა მძმეა, რადგან მტერი მრავალია და მით უფრო გაათასკეცებული ენერგიით, გაკაჟებული ნებით უნდა განვაგრძოთ ჩვენი სახელმწიფოს შენება-დაცვა.

მივესალმებით 1919 წელს იმ იმედით, რომ ამ წელს ჩვენ სავსებით განვამტკიცებთ საქარველოს თავისუფლებას და ამ დიად საქმეში ჩვენთან ერთად იქნება საერთაშორისო დემოკრატია, რომელიც, გვწამს, გაძლიერებული, მტკიცეთ დაიცავს და იბრძოლებს თავისუფლებისა და თანასწორობისათვის.

გასალკლდევებული ენერგია და მტკიცე შეუდრეკელი ნება სამშობლოსა და ხალხის ბედნიერების თავისუფალ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის გამოსაჭედათ, – ასეთი ლოზუნგია აღბეჭდილი საქართველოს დემოკრატიის დროშაზე და ეს დროშა 1919 წელში ერთი წუთითაც არ უნდა დაიხაროს და გვწამს, რომ არ შესუსტდება მარჯვე ხელი, რომელიც ამ დროშას ატარებს.

მსგავსი/Related

Back to top button