ევროპამთავარი თემა

არალიბერალური დემოკრატიის ბოლო სამი გაელვება უნგრეთში

2018 წლის ცივი ნოემბერ-დეკემბერი პოლიტიკურად ძალზე ცხელი გამოდგა ბუდაპეშტში. უნგრელთა ნაწილი იმ რეფორმებსა და პროცესებს აპროტესტებს, რომლებიც, მათი აზრით, ქვეყანას „არალიბერალური დემოკრატიისაკენ“ მიაქანებს.

გასულ წლებში უნგრეთი არაერთხელ მოექცა მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში. ამჯერადაც,ზამთრისძალს ერთმანეთს სამი საკითხი დაემთხვა, რომლებმაც მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რეფორმებით უკმაყოფილო ათასობით უნგრელი ბუდაპეშტის ცივ ზამთარში ქუჩაში გამოიყვანა.

უნგრელთა ნაწილის უკმაყოფილებას ამჯერად ადმინისტრაციული სასამართლოების სისტემის შექმნა, ე.წ. „მონობის კანონის“ მიღება და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბუდაპეშტიდან ვენაში გადასვლა იწვევს.

არალიბერალური დემოკრატიის სათავეებთან

ყველაფერი კი 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაიწყო, როდესაც საპარლამენტო არჩევნებმა სკანდალებით სავსე სოციალისტების (Magyar Szocialista Párt, MSZP) 8 წლიანი მმართველობა მემარჯვენე პარტიას „ფიდესს“ (Fidesz) გადააბარა.  ფიდესმა ვიქტორ ორბანის მეთაურობით ხმათა მხოლოდ 53% მოიპოვა, თუმცა მაჟორიტარული სისტემის წყალობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

მას შემდეგ ფიდესმა კონსტიტუცია შეცვალა და საკუთარ თავს მოარგო, მედია, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდწილად ხელისუფლებას დაუქვემდებარა და სასამართლოებზე კონტროლიც მოიპოვა. ამდენად, მმართველი პარტია ფიდესი აკონტროლებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ხელისუფლების ყველა შტოს, მედიას, სახელმწიფო აუდიტორის ოფისს, საგამოძიებო სტრუქტურებს და ა.შ.

2014 წელს უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთისათვის განვითარების მისეული ხედვა ქვეყნის არალიბერალურ დემოკრატიად გადაქცევაა. 2015 წლის ლტოლვილთა და მიგრანტთა კრიზისმა, როდესაც გერმანიისა და დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი ათიათასობით ლტოლვილი და მიგრანტი უნგრეთს მიაწყდა,  სულზე მიუსწრო ორბანის არალიბერალური დემოკრატიის პროექტს.

უნგრეთის მთავრობამ წარმატებით დააშინა უნგრელები, რომ მუსლიმ და არათეთრკანიან მიგრანტთა „ურდოები“ უნგრეთსა და ევროპას გაანადგურებდნენ.  2018 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმათა 49,27% მოიპოვა და პარლამენტში ადგილების 2/3-ზე მეტი მიიღო. ბევრმა შედეგები ევროპაში მემარჯვენე პოპულისტური ძალების მორიგ ტრიუმფად შეაფასა.

„შეაჩერეთ ბრიუსელი“ 

“შეაჩერეთ ბრიუსელი” კამპანია უნგრეთის მთავრობის Facebook გვერდზე.

არალიბერალური დემოკრატიის მშენებლობას იმაზე უფრო სერიოზული „მტერი“ სჭირდება, ვიდრე უმწეო თავშესაფრის მაძიებლებია. ამიტომაც, უნგრეთის  ევროკავშირის ბიუროკრატებსაც დაუპირისპირდა. 2017 წლის გაზაფხულზე უნგრეთის მთავრობამ ე.წ. ეროვნული კონსულტაცია წამოიწყო სახელად „შეაჩერეთ ბრიუსელი“.

ორბანი მაშინ ევროკავშირს ბრალს სდებდა უნგრეთისაკენ არალეგალური მიგრაციის წახალისებაში, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკაში ჩარევაში, ტრეფიკინგსა და კომუნალური გადასახადების საკითხზე ზეწოლაშიც კი. ევროკავშირმა განაცხადა, ჩვენ პირიქით ვეხმარებით წევრ ქვეყნებს არალეგალური მიგრაციის საკითხებში და ქვეყნების საგადასახადო თუ შიდა პოლიტიკაში არ ვერევითო.

ევროკავშირში, რომელიც ცენტრალურ ევროპულ ქვეყანას წლებია მილიარდობით ევროთი ეხმარება, უნგრეთს ხშირად საყვედურობენ ევროკავშირისა და სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო ღონისძიებებში, აკადემიური თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა თუ სხვა ევროპული ღირებულებების უგულვებელყოფაში.

ევროპარლამენტარმა ჯუდით სარგენტინიმ (Judith Sargentini) საგამოძიებო ანგარიში მოამზადა, რომლის თანახმადაც უნგრეთში კონსტიტუციური და სასამართლო სისტემის, კორუფციის, სასამართლოს თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, აკადემიური დამოუკიდებლობის, ეკონომიკური და სოციალური უფლებების თვალსაზრისით პრობლემებია.

ევროპარლამენტმა გაიზიარა სარგენტინის ანგარიში, ორბანის მთავრობა ნამდვილად უთხრის ძირს ევროკავშირის ღირებულებებსო და მხარი დაუჭირა უნგრეთის წინააღმდეგ  ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის ამუშავებას. მე-7 მუხლის ამუშავება უნგრეთს ხმის მიცემის უფლებას წაართმევს ევროკავშირში. თუმცა ბევრს არ სჯერა, რომ ეს მუხლი ამოქმედდება, რადგანაც მას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება და საეჭვოა, მას მხარი დაუჭიროს ვარშავამ – პოლონეთის მთავრობაში ორბანის იდეოლოგიური მეგობრები არიან.

  

ნოემბერ-დეკემბრის გამოსვლები ბუდაპეშტში

ნოემბერ-დეკემბერში რამდენიმე ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გაიმართა ბუდაპეტში, სადაც ათასობით უნგრელი გამოვიდა ქუჩაში. ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებიც მოხდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა არაერთხელ და არაერთი მოპროტესტე დააკავა. უნგრელების ნაწილის უკმაყოფილება სამ ძირითად საკითხზე იყო კონცენტრირებული:

  • მონობის კანონი“ – 400 საათი ბიზნესის სამსხვერპლოზე

12 დეკემბერს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ზეგანაკვეთური სამუშაოს“ შესახებ, რომელსაც ბევრმა უნგრეთში „მონობის კანონი“ შეარქვა. შაბათს, 8 დეკემბერს, 10 000-მდე უნგრელი მშრომელი გამოვიდა ბუდაპეშტის ქუჩებში და კანონპროექტი გააპროტესტა, თუმცა პარლამენტს არც მათი და არც პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ხმაურიანი მცდელობა, კანონის მიღება ჩაეშალათ, არ გაუთვალისწინებია.

„მონობის კანონის” განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატი აგნეშ კუნჰალმი (Ágnes Kunhalmi) პრემიერ ვიქტორ ორბანის სიტყვას სტვენით ბლოკავს. ფოტო: Twitter/Sezin Öney

ახალი კანონის მიხედვით ზეგანაკვეთური სამუშაოს ყოველწლიური დასაშვები რაოდენობა 250-დან 400 საათამდე გაიზარდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამიერიდან უნგრეთში დამსაქმებელს შეეძლება დასაქმებულს ზეგანაკვეთური 400 საათის მუშაობა მოსთხოვოს და ხელფასი 3 წლის ვადაში გადაუხადოს. შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ  დამსაქმებელმა დასაქმებული  ორ წელიწადს ზეგანაკვეთურად ხელფასის გადავადებით ამუშაოს და მესამე წელიწადს გაკოტრდეს, რაც ნიშნავს, დასაქმებული ორი წლის ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე დარჩება.

მთავრობა ამბობს, ამით ხალხს ვეხმარებითო. მათ აღარ შევზღუდავთ ბევრი იმუშაონ და მეტი გამოიმუშავონო. მოპროტესტეები ამბობენ, ყველას უნდა შეეძლოს კვირაში 40 საათის მუშაობით ისედაც საკმარისად სამყოფი ხელფასი გამოიმუშავოსო. უნგრეთში იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს კანონი ყველაზე მეტად დაბალი კლასის ხალხს და სოფლის მეურნეობაში მომუშავეთ დააზარალებსო.

პარლამენტარი ბერტალან ტოთი (Bertalan Tóth) ოპოზიციური სოციალისტური პარტიიდან ამბობს, პრემიერ-მინისტრი ორბანი უნგრულ ბაზარზე მოღვაწე მულტინაციონალურ კომპანიებს საიდუმლოდ გაურიგდაო. უნგრეთში, რომლის ინდუსტრიის მესამედს მანქანათმშენებლობა წარმოადგენს, მუშახელის დეფიციტია. ქვეყანაში მანქანათმშენებელი კორპორაციები ძირითადად გერმანიიდან არიან, რომლებიც მუშახელის შენარჩუნებას გაჭირვებით ახერხებენ. ბევრი უნგრელი უკეთესი ხელფასებისა და სოციალური გარანტიების იმედით სამუშაოდ მეზობელ ავსტრიაში, გერმანიაში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მიდის. არადა, 2010 წელს ორბანი წინასაარჩევნო კამპანიისას სწორედ უცხოური კორპორაციებისაგან დაცვას ჰპირდებოდა უნგრელ მშრომელებსო, წერს Financial Times.

მთავრობას დაქვემდებარებული ადმინისტრაციული სასამართლოების შექმნა

„მონობის კანონი“ ერთადერთი წინააღმდეგობრივი კანონი არ ყოფილა, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა 12 დეკემბერს დაამტკიცა და რომელმაც ოპოზიციონერი უნგრელები გააბრაზა. ხმაურიან სხდომაზე უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული სასამართლოების ახალი სისტემის შექმნასაც. მიტინგები ბუდაპეშტში ყოველდღიურად იმართებოდა 13, 14, 15, 16, 17 დეკემბერს. წინა პროტესტებისაგან განსხვავებით ამჯერად ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ოპოზიციონერებიც კი გაერთიანდნენ.

საპროტესტო მსვლელობა ბუდაპეშტის ცენტრში. ფოტო: Euronews

რა არის ადმინისტრაციული სასამართლოები? ახლადჩამოყალიბებული სასამართლო უფლებამოსილი იქნება ისეთ საქმეებზე თქვას გადამწყვეტი სიტყვა, როგორებიცაა პროტესტები, გაფიცვები, მშენებლობის ნებართვები, გადასახადები და ა.შ. ადმინისტრაციული სასამართლოები ხელისუფლებისა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საქმეებზე იმსჯელებს, რაც უცნაური არ იქნებოდა, იგი პირდაპირ ხელისუფლებას რომ არ ექვემდებარებოდეს.

რაც უნგრეთში და საზღვარგარეთ სკეპტიკოსებს აშინებთ, იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებებია ადმინისტრაციულ სასამართლოებთან მიმართებით. კერძოდ, იუსტიციის მინისტს ექნება ახალ სასამართლოებზე საბიუჯეტო კონტროლი, იგი იტყვის საბოლოო სიტყვას მოსამართლეებისა და სასამართლოს პრეზიდენტის დანიშვნაზე, მოსამართლეთა დაწინაურება და მათთვის ხელფასების ზრდაც მისი პრეროგატივა იქნება. ამდენად, ადმინისტრაციული სასამართლო მყარად დაექვემდებარება მთავრობას.

მსგავსი სასამართლო ერთეული უნგრეთში ახალი არ არის. 1949 წლამდე, კომუნისტების მოსვლამდე, არსებობდა ერთგვარი ადმინისტრაციული სასამართლოების სისტემა, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა გააქრო.

კრიტიკოსები ვარაუდობენ, სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნება და დაირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპიო.

დეკემბრის პროტესტების მონაწილე აგნეშ ნემეთმა გვითხრა, პირველად არ ხდება, რომ რამდენიმე საკამათო კანონს მთავრობა დროის მოკლე მონაკვეთში წარადგენსო. ნემეშმა სივილ.გე-ს განუცხადა, მაგალითად, ასე მოხდა 2017 წლის გაზაფხულზეც, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის შემზღუდავი კანონი მალევე მოჰყვა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დაესხა თავსო.

საუკეთესო უნგრული უნივერსიტეტი უნგრეთს ტოვებს

 ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (CEU), ამერიკულ-უნგრული უნივერსიტეტი, რომელიც უკვე 25 წელიწადია ბუდაპეშტში მდებარეობს, 2019 წლიდან მეზობელი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იწყებს გადასვლას. უნივერსიტეტი 1991 წელს უნგრელ-ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა დააარსა, რომლის ლიბერალური და „ღია საზოგადოების“ იდეოლოგია ბოლო რამდენიმე წელია არალიბერალური დემოკრატიის მედროშე ორბანის მთავრობის კრიტიკისა და თავდასხმის ხშირი სამიზნეა.

2017 წლის აპრილში, დაჩქარებული ტემპებით, უნგრეთის მთავრობამ უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ამერიკული დიპლომების გაცემას უზღუდავდა, რაც ფაქტობრივად უნივერსიტეტის დახურვას ნიშნავდა. კანონის თამახმად, უნივერსიტეტს უნგრეთში მუშაობის გასაგრძელებლად უნგრეთსა და ნიუ იორკის შტატს (სადაც CEU-ს ამერიკული რეგისტრაცია აქვს) შორის შეთანხმება სჭირდებოდა და ამასთან, მას მოუწევდა პარალელურად აშშ-ში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც. აღნიშნული ცვლილებებისათვის უნივერსიტეტს 9 თვეზე ნაკლები მიეცა.

მიუხედავად მოთხოვნილი ცვლილებების  უნივერსიტეტის მიერ შესრულებისა, უნგრეთის მთავრობამ ხელი არ მოაწერა შეთანხმებას ნიუ იორკის მთავრობასთან და უნივერსიტეტთან. ოქტომბრის ბოლოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თუ 1-ელ დეკემბრამდე სიტუაცია არ გაირკვევა, ვენაში გადავალთო.

ნოემბრის ბოლოს ბუდაპეშტში სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებმა რამდენიმე დღის განმავლობაში კარვები დასცეს პარლამენტის წინ, კოშუტის მოედანზე. დემონსტრანტებმა მთავრობას სამი მოთხოვნა წაუყენეს. 1) მოეწერა ხელი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტთან შეთანხმებაზე 2) მოეხსნა აკადემიური ცენზურა – ოქტომბერში, უნგრეთმა გენდერის კვლევების სწავლება ასწავლა 3) ხარისხიანი, დამოუკიდებელი, კარგად დაფინანსებული განათლება დაკვლევა.

მოპროტესტე სტუდენტებმა პარლამენტის წინ სიმბოლურად „დამარხეს” „აკადემიური თავისუფლება”. ფოტო:Creede Newton/Al Jazeera

უნგრეთის მთავრობას არც ეს პროტესტი შეუსმენია და ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, შესაბამისად, უნივერსიტეტმა ვენაში გადასვლის პროცედურები დაიწყო.

„CEU გააგდეს“,-ო განაცხადა რექტორმა მაიკლ იგნატიევმა (Michael Ignatieff). მანვე დასძინა, „ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. ამერიკული ინსტიტუტი ნატოს წევრი ქვეყნიდან გააგდეს. ევროპული ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან გააძევესო“.

ეპილოგის მაგიერ

Washington Post-მა ისიც განაცხადა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ლიბერალურ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმის შავ-ბნელ ძალებს შორის ფრონტის ხაზს წარმოადგენსო. ვაშინგტონ პოსტმაც და სხვებმაც ისიც გაუხსენეს ორბანს, თავად რომ სწავლობდა ახალგაზრდობაში ოქსფორდში სოროსის სტიპენდიით. თუმცა დრო შეიცვალა და ერთ დროს ლიბერალი და დემოკრატი ორბანი ახლა არალიბერალურ სახელმწიფოს აშენებს, სწორებით რუსეთსა და თურქეთზე.

შობის წინა დღეებში ათასობით უნგრელმა ამჯერად პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლა პროტესტით. პრეზიდენტმა იანოშ ადერმა (János Áder) უყოყმანოდ მოაწერა ხელი „ზეგანაკვეთური სამუშაოს“ და ადმინისტრაციული სასამართლოების კანონებს.

ოპოზიცია პროტესტის განახლებას 2019 წლის 5 იანვრიდან გეგმავს. სავარაუდოა, რომ 2019 წელიც პოლიტიკურად ცხელი წელიწადი იქნება უნგრეთის (არა)ლიბერალური დემოკრატიისა და დანარჩენი ევროპისათვის. თანაც იმის ფონზე, რომ 2019 წლის მაისში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა გაიმართოს.

გაგრძელება იქნება

 

მსგავსი/Related

Back to top button