Placeholder canvas
ახალი ამბები

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე თითქმის ორსაათიანი მოსმენის შემდეგ, 11 ხმით აირჩია. გასაუბრებაზე ლევან მურუსიძესთან კითხვები, ძირითადად, იუსტიციის საბჭოს ორ წევრს – ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს ჰქონდათ. მოსამართლეობის კანდიდატისთვის საბჭოს მოსამართლე წევრებს კითხვები თითქმის არ დაუსვამთ.

ლევან მურუსიძესთან გასაუბრება ღია ფორმატში წარიმართა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გასაუბრების პროცესის ღიაობის სურვილი თავად ლევან მურუსიძემ გამოთქვა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგანაც ხუთს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების არჩევის შემდეგ, მედიასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრა და მურუსიძისთვის საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კითხვების არდასმის მიზეზი განმარტა. „ჩვენ მივეცით საშუალება კრიტიკულად განწყობილ წევრებს, რომ ჰქონოდათ საკმარისი დრო და საშუალება, რომ დაესვათ შეკითხვები“, – განაცხადა მან.

მიქაუტაძის შეფასებით, საბჭოს ორმა არამოსამრთლე წევრმა გასაუბრება ორი საათის განმავლობაში, „დაკითხვის ფორმატით წარმართეს“. მისივე განმარტებით, „კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული, არ დარჩენილა“.

გასაუბრების შემდეგ, მედიასთან კომენტარი თავად ლევან მურუსიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ ბოლო წლებში, მის გარშემო შექმნილი ფონის გათვალისწინებით, მისთვის მხარდაჭერას „დიდი ვაჟკაცობა და გამბედაობა“ სჭირდებოდა. „მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გავეცი ამომწურავი დასაბუთებული, დამაჯერებელი პასუხი“, – დასძინა მანვე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესების გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასეს ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, „ეს არის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება საბჭოს ისტორიაში“ და ამ გადაწყვეტილებით, „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და სასამართლო სისტემამ გამოაცხადა უკომპრომისო ბრძოლა“. „როდესაც ვერ მიიღეს მხარდაჭერა იმ 10 კანდიდატზე, დღეს გადაწყვიტეს ფორსირებულ რეჟიმში დაენიშნათ მურუსიძე… გარდა იმისა, რომ დანიშნეს გასაუბრება, იმავე დღეს, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, დანიშნეს კენჭისყრა და მისცეს ხმა“, – განაცხადა მან.

შეფასებებში კრიტიკული იყო ანა დოლიძეც. მისი განმარტებით, ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებით, „ძალიან სამარცხვინო“ რამ მოხდა. „ლევან მურუსიძე აღმოჩნდა მის [იუსტიციის საბჭოს] თვალში ყველანაირი პროცედურის და კანონის დარღვევით, კეთილსინდისიერი მოსამართლე. ფორმალურად რომ ვთქვათ, ის დაინიშნა უვადოდ“, – განაცხადა ანა დოლიძემ და აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრა.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2015 წელს აირჩიეს. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მაგალითად, ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო, რის გამოც მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი მისამართით არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის კრიტიკა ისმოდა. ლევან მურუსიძემ განიხილა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button