ახალი ამბები

არასამთავრობოები პარლამენტს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შეჩერებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საბჭო უზენაეს სასამართლოზე „სრული კონტროლის მოსაპოვებლად“, სასურველი კანდიდატების გაყვანას ცდილობს.

არასამთავრობოების მიერ 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ცხრა ორგანიზაცია, მათ შორის, „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აწერს, ნათქვამია, რომ საკითხის საბჭოს სხდომაზე გამოტანის შესახებ ცნობილი გვიან ღამით გახდა, რასაც წინ მხოლოდ მოსამართლეთა „ვიწრო ჯგუფების მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები“ უძღოდა.

„უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

„[იუსტიციის უმაღლესი] საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემაში „კრიზისული ვითარების“ შექმნას ხელი „ამ ჯგუფის ინტერესებზე მორგებულმა კანონმდებლობამ და პარლამენტის მხრიდან ძირეული რეფორმების გატარების ნების არარსებობამ“ შეუწყო.

მათივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო, „საკანონმდებლო ორგანოს ეკისრება გადამწყვეტი როლი, არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა“.

არასამთავრობოები საქართველო პარლამენტს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭიროს „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს“, ასევე „დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას შეუზღუდავს“. ისინი ამ ცვლილებების მიღებამდე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10 კანდიდატურა შეარჩია. წარდგენილ კანდიდატურებს მხარი საბჭოს სამმა წევრმა – ირმა გელაშვილმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ არ დაუჭირა. ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას „უტიფრობის ზეიმი“ უწოდა. ანა დოლიძის შეფასებით კი, საბჭომ ამ გადაწყვეტილებით, „საკონტროლო ტყვია ესროლა სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ. „კლანურ მმართველობაზე“ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, მათ ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გაავრცელეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭო, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 15 წევრისგან შედგება. საბჭოში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე – ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს – საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი – საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button