Placeholder canvas
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს

პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფის და ქონების დაზიანების ბრალდებით, 17 დეკემბერს სამართალდამცველებმა კახეთში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან/და საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავით კირკიტაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ველისციხეში გამართული აქციის დროს გამოვლენილი ინციდენტების შესწავლა დაიწყო. სამინისტროსში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

„გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – განაცხადა 17 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, გამოძიებაა დაწყებული ასევე აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, რა დროსაც დალაქიშვილმა სახის და თავის არეში დაზიანება მიიღო.

შსს-ის ინფორმაცით, 16 დეკემბრის აქციის დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა და დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა. ოპოზიციის განცხადებით კი, 16 დეკემბერს აქციაზე დაპირისპირების დროს, მათი რამდენიმე აქტივისტი დაშავდა.

დავით კირკიტაძის დაკავება გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა გააპროტესტეს. დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დავით კირკიტაძე „უკანონო პატიმრად“ გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

დავით კირკიტაძის დაკავება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც შეაფასა და განაცხადა, რომ ეს არის „ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის”.

„საბოლოოდ, ამ უკანონო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არამარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივას,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დაკავებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ამ პროცესში ჩაერთვება და ფაქტებს შეისწავლის.

დავით კირკიტაძე 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე თბილისიდან თელავში ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. შსს-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დავით კირკიტაძე პოლიციის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში ძალით შეღწევას ცდილობს.

დავით კრიკიტაძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსთავში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს ხელმძღვანელობდა. რუსთავში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button