Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია „შეუწყვეტელ“ საპროტესტო აქციებს იწყებს

გაერთიანებული ოპოზიციის უკვე ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალიდან ოპოზიცია „შეუწყვეტელ“ საპროტესტო აქციებს იწყებს.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, რამდენიმე აქცია გამართა. ერთ-ერთი აქციის გამართვის მცდელობას პოლიციელებთან დაპირისპირება მოჰყვა.

ვაშაძემ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ამის შესახებ 17 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციის აქტივისტებისთვის ინაუგურაციის ადგილზე ჩასვლის საშუალება არ მიეცათ, „ტოტალური უკანონობა“ იყო.

„მოპარული, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ შეზღუდა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ პოლიციის მიერ შემოთავაზებული ალტერნატიული გზა ასევე ჩაკეტილი იყო.

„გაერთიანებული ოპოზიცია კატეგორიულად მოითხოვს უმოკლეს ვადებში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სიით, ხელისუფლება დაბრუნდეს კრიმინალური მეთოდებიდან პოლიტიკურ პროცესში. მოვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც კომისიაში ბღუჯა-ბღუჯა ყარა ბიულეტენები საარჩევნო ყუთებში“, – განაცხადა მან.

გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები ხვალიდან დაიწყება. „ხვალ ჩვენ ვიწყებთ შეუწყვეტელ აქციებს, რომლებიც იქნება მშვიდობიანი, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში და ყოველი მცდელობა ხელისუფლების, შეგვიზღუდოს ეს უფლებები, მიიღებს საზოგადოების მკაცრ პროტესტს“, – განაცხადა მან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩეველთა ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი ამომრჩეველთა 40.48 %-მა დაუჭირა. გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button