Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის  სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს თელავში გაიმართა.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას.

ფიცის დადების შემდეგ, ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, მოწვეულ სტუმრებს, უცხოელ საპატიო სტუმრებს, მთავრობის წევრებს და მმართველი პარტიის დეპუტატებს, ასევე ქართველ ჯარისკაცებს მიმართა. ცერემონიას უკვე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდა.

ფიცის დადებისთანავე, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევიდა, რომელიც შერეული საპრეზიდენტო სისტემიდან ქვეყნის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კიდევ უფრო შეამცირებს. ეს პროცესი 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დაიწყო და 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით დასრულდა.

პირდაპირი არჩევის წესით, საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტი წელს ბოლოჯერ აირჩია. ახალი კონსტიტუციის თანახმად, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე შევიდა, პრეზიდენტს 2024 წლიდან ხუთი წლის ვადით 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ფიცის დადების ცერემონიის წინა დღეს, 15 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. იმავე დღეს ის მთაწმინდის პანთეონსაც ესტუმრა.

16 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონიალის პარალელუად, გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, ინაუგურაციის ადგილის მახლობლად, საპროტესტო აქციები გამართა. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები პოლიციელებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათ ოპოზიციას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდა, სადაც გამარჯვება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩევლის ხმების 59.52 % მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი მხარი ამომრჩევლის 40.48 %-მა დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button