Placeholder canvas
არჩევნები 2018ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია ინაუგურაციის დღეს თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია 16 დეკემბერს, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, თელავში მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს.

ამის შესახებ გაერთიანების უკვე ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 12 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა და ეს იყო „კრიმინალური დაჯგუფებების ზედამხედველობის ქვეშ და მათთან შეზრდილ კორუმპირებულ ჩინოვნიკების ზედამხედველობის ქვეშ“ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც „ქართველი ამომრჩევლის აზრის გაყალბება“ იყო.

„ხელისუფლებას 2 დეკემბერს მშვიდობიანი აქციის დროს შევთავაზეთ კომპრომისზე დაფუძნებული, ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი პოლიტიკური პროცესის დაწყება მაგრამ როგორც ყოველთვის უტიფრად და ქედმაღლურად ე.წ. ხელისუფლებამ სრული იგნორირება გაუკეთა ამ შეთავაზებას და ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციის „კომპრომისული შეთავაზებები“ და „საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლის აზრი“ „ყურთ არ იღო“. სწორედ ამიტომ, ოპოზიციურმა გაერთიანებამ 16 დეკემბერს, თელავში, სადაც ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, მშვიდობიანი აქციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში“. – აღნიშნა ვაშაძემ და დასძინა, რომ „ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია“.

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც გამარჯვება ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. მან ამომრჩევლის ხმების 59.42 % მოაგროვა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, ამომრჩევლის ხმების 40.48 % მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციაში განაცხადეს, რომ ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ 2 დეკემბერს პარლამენტის წინ აქციაც გამართეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button